ბამაკო
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ბამაკო ფრანგ. Bamako | |||
| |||
ქვეყანა | მალი | ||
ოლქი | ბამაკო | ||
შიდა დაყოფა | Commune 2, Commune IV, Commune 5 და Commune 6 | ||
კოორდინატები | 12°39′00″ ჩ. გ. 8°00′00″ დ. გ. / 12.65000° ჩ. გ. 8.00000° დ. გ. | ||
ფართობი | 245 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 350[1] მ | ||
მოსახლეობა | 1 809 106 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 7384,11 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 2 757 234 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-0 | ||
ოფიციალური საიტი | https://bamako.ml/ | ||
ბამაკო (ფრანგ. Bamako) — მალის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2009 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 1 809 106 ადამიანი. ბამაკო არის აფრიკაში მოსახლეობის მხრივ ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი (მსოფლიოში მეექვსე)[2]. ქალაქი გაშენებულია მდინარე ნიგერის ორივე სანაპირო ზოლში, მდინარეზე არის პორტი, რაც ხელს უწყობს ვაჭრობას. ბამაკო მდებარეობს მალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამ ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში არის მალი-კოტ-დ’ივუარის ოფიციალური სახელმწიფო საზღვარი. ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს მალის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს, ამ ქალაქს ქვეყანაში განსაკუთრებული ადმინისტრაციული სტატუსი აქვს მინიჭებული.
ბამაკოდან 15 კილომეტრში მდებარეობს საერთაშორის აეროპორტი. მალის დედაქალაქი სარკინიგზო ხაზის მეშვეობით უკავშირდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი პირველი დასახლება დაარსდა მონადირის, სახელად ბამბას, გამო და შესაბამისად სახელად დაერქვა «ბამა კო», ანუ «მდინარე ბამბა». მეორე ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელი დაკავშირებულია სიტყვა «ბამა»-სთან, რომელიც ბამბარას ხალხის ენაზე ნიშნავს «ნიანგს». ამ თეორიის შესაბამისად «ბამაკო» ითარგმნება, როგორც «ნიანგების მდინარე». ეს თეორია ძირითადად ითვლება, რის გამოც ბამაკოს გერბზე გამოსახულია სამი ნიანგი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკოს ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. მდინარე ნიგერის ნაყოფიერი მიწები ადამიანებისთვის უხვ საკვებს უზრუნველყოფდა და ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილი სამეფოები სიმდიდრით გამოირჩეოდა, რადგანაც სავაჭრო მარშრუტებით დასავლეთ საჰარას, საჰარასა და ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპას უკავშირდებოდა. ადრეული ბინადრები ოქროთი, სპილოს ძვლით, ხეკოლითა და მარილით ვაჭრობდნენ.[3] XI საუკუნისთვის ამ ტერიტორიაზე ლიდერი განის იმპერია] გახდა. ბამაკომ მთავარი სავაჭრო ქალაქის ფუნქცია და ისლამური ცოდნის ცენტრის სტატუსი შეიძინა, რადგანაც შუა საუკუნეებში აქ ორი უნივერსიტეტი და უამრავი მეჩეთი აშენდა.[3]
შუა საუკუნეებში მალის იმპერია გაძლიერდა. მან დასავლეთ აფრიკაში დომინირებული განის იმპერია ჩაანაცვლა და ძალაუფლება სენეგალის, გამბიის, გვინეისა და მავრიტანიის ტერიტორიებზე გაავრცელა.[3] XIV საუკუნეში მალის იმპერია კიდევ უფრო გამდიდრდა ბამბით, ოქროთი და მარილით ვაჭრობით. მოგვიანებით იგი სონგაის იმპერიამ ჩაანაცვლა. XVI საუკუნეში მაროკოდან შემოჭრილმა ბერბერებმა მალის სამეფოები გაანადგურეს და ტრანს-საჰარის სავაჭრო მარშრუტები მეზღაურების ხელში გადავიდა.[3]
XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის დასავლეთ აფრიკაში ფრანგები დომინირებდნენ. 1883 წელს თანამედროვე მალი ფრანგული სუდანის კოლონიის ნაწილი გახდა. ამ პერიოდში ფართო საირიგაციო პროექტების მეშვეობით ბამბისა და ბრინჯის მოყვანის წახალისება დაიწყეს, ხოლო ახალმა რკინიგზამ მალი და დაკარი ერთმანეთთან დააკავშირა. შემდეგში მალი ფრანგული დასავლეთ აფრიკის ფედერაციის კონტროლქვეშ გადავიდა.[3]
მალიმ საფრანგეთისგან დამოუკიდებლოობა 1960 წლის აპრილში მოიპოვა. ამ დროისთვის ბამაკოს მოსახლეობა 160 000 ადამიანს შეადგენდა. 1960-იან წლებში ქვეყანა სოციალისტური გახდა დაბამაკო საბჭოთა ინვესტირებისა და გავლენის ობიექტი გახდა. სახელმწიფო საწარმოების კოლაფსის გამო ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა, რასაც ამბოხებები მოჰყვა. საბოლოოდ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მუსა ტრაორემ აიღო ძალაუფლება ხელში და ქვეყანას 23 წლის მანძილზე მართავდა, თუმცა მისი მმართველობა სუსტი სამთავრობო მენეჯმენტით, გვალვებითა და საკვებით მომარაგების პრობლემებით ხასიათდებოდა.[3]
1980-იან წლებში ბამაკოს მოსახლეობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და მრავალპარტიული დემოკრატიის მოთხოვნებით გამოვიდა. 1990 წელს იურისტმა მუნტაგა ტალიმ დემოკრატიული ინიციატივის ეროვნული კონგრესი (Congrès National d'Initiative démocratique, CNID) დააარსა, ხოლო აბრიამანე ბაბამ და ისტორიკოსმა ალფა უმარ კონარემ მალის დემოკრატიულ ალიანსს (Alliance pour la démocratie au Mali, ADEMA) ჩაუყარეს საფუძველი. ძველი კონსტიტუციის მიხედვით, ყველა პროფკავშირი ერთ კონფედერაციის, მალის მუშათა ეროვნული კავშირის დაქვემდებარებაში შედიოდა. 1990 წელს კონფედერაციამ მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, რამაც ოპოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ბამაკოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მზარდი როლი შეასრულეს სტუდენტებმა. დემონსტრაციების დროს რეჟიმთან დაკავშირებული სახლები და ბიზნეს-დაწესებულებები დემონსტრანტებმა დაარბიეს.
1991 წლის 22 მარტს ბამაკოს ცენტრში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რასაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 4 დღის შემდეგ სამხედრო გადატრიალების მეშვეობით ტრაორე გადააყენეს. დაარსდა Comité de Transition pour le Salut du Peuple, რომელსაც გენერალი ამადუ ტუმანი ტურე ხელმძღვანელობდა.[4] 1992 წლის 26 აპრილს პრეზიდენტი ალფა უმარი კონარი გახდა.[3]
2015 წლის 20 ნოემბერს ორმა შეიარაღებულმა პირმა ბამაკოში მდებარე Radisson Blu-ს სასტუმროში 170 ადამიანი აიყვანა მძევლად. შვიდსაათიანი ალყის დროს ბამაკოს სასტუმროეზე შტურმისას ორ შეიარაღებულ პირთან ერთად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ჩინელი ბიზნესმენიც.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკო მდებარეობს მდინარე ნიგერის ნაპირებზე. დედაქალაქი ძირითადად ბრტყელ ველზეა გაშლილი, მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია ამობურცული, სადაც ადრე ვულკანი არსებობდა. აქ საპრეზიდენტო სასახლე და მთავარი საავადმყოფო მდებარეობს.
თავდაპირველად ქალაქი მდინარის ჩრდილოეთ მხარეს იყო გაშენებული, მაგრამ ზრდასთან ერთად ხიდებიც აიგო, რამას ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთთან დააკავშირა. პირველი მოწამეთა ხიდი (ორი სამოძრაო ზოლი ორი საფეხმავლო ბილიკით) და მეფე ფადის ხიდი (ოთხი სამოძრაო ზოლი, მოტოციკლეტებითვის განკუთვნილი ორი ზოლითა და ორი საფეხმავლო ბილიკით) იყო. კოლონიურ პერიოდში აღმოსავლეთ სოტუბასა და მისაბუგუს შორის სეზონური გზაც გაიყვანეც. სოტუბას გზა ივლისიდან იანვრამდე პერიოდში წყლით იფარება. მესამე ხიდი (1.4 კმ სიგრძისა და 24 მეტრის სიგანის, ოთხზოლიანი, მოტოციკლეტებისთვის განკუთვნილი ორი ზოლითა და ორი საფეხმავლო ბილიკით) ცენტრშია აგებული და ქალაქის ბირთვის განტვირთვას ემსახურება.[6]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკოსათვის დამახასიათებელია საჰელის სამხრეთისთვის ტიპური კლიმატი. მას აქვს სუბეკვატორული სარტყელის ნიშნები, მაგრამ ხასიათდება, როგორც ტროპიკული და საკმაოდ ცხელი, ჰაერის საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში არ ეცემა 25 °С-ზე დაბლა. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — მარტი, აპრილი და მაისი, როდესაც ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი აღწევს 38-39 °С. ყველაზე უფრო ცივი თვეებია — ნოემბერი, დეკემბერი და თებერვალი. ნალექების რაოდენობის საშუალო წლიური დონე შეადგენს 880 მმ-ს და ნალექების ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად მოდის მაისიდან ოქტომბრამდე მონაკვეთში. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნალექი საერთოდ არ მოდის.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის დემოგრაფიულ ბუმს: 2,5 ათასი მაცხოვრებელი 1884 წელს; 8 ათასი 1908 წელს; 37 ათასი 1945 წელს; დაახლოებით 100 ათასი 1960 წელს (მალის დამოუკიდებლობის მოპოვების წელი). ამ დროიდან ქალაქი აგრძელებს სოფლის მოსახლეობის მოზიდვას, რომლებიც დედაქალაქში მიემართებიან სამუშაოს მოსაძებნად. მოსახლეობის რაოდენობის ასეთი არაკონტროლირებადი ზრდა პროვოცირებას ახდენს ქალაქის ეკოლოგიის, კანალიზაციის, ავტოგზებზე საცობების, სასმელი წყლის და სხვა სერიოზულ პრობლემებზე.
დაკარიდან და აბიჯანიდან ათასი კმ-ის ან გვინეის სახელმწიფო საზღვრიდან 400 კმ-ის სიშორეზე მდებარე ქალაქი ბამაკო ბოლო წლებში გახდა დასავლეთი აფრიკის გზაჯვარედინი. ქალაქში ცხოვრობს მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფები, როგორც თვითონ მალიდან, ასევე მიმდებარე სახელმწიფოებიდან.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკოს რაიონი 6 კომუნადაა დაყოფილი (განასხვავებენ ნომრების და არა სახელების მიხედვით). 1982 წლის თებერვალში მიღებული კანონებით III და IV კომუნების ახალი საზღვრები დაწესდა. ყოველ კომუნას მუნიციპალური საბჭო და საბჭოს წევრების მიერ არჩეული მერი მართავს. ბოლო არჩევნები 2009 წელს გაიმართა და კომუნების წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა მალის დემოკრატიულმა ალიანსმა მოიპოვა.
კომუნები და სამეზობლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]I კომუნაში 335 407 ადამიანი ცხოვრობს (2009) და 35 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს. ჩრდილოეთით სასოფლო კომუნა დჯარაკოროდჯი ესაზღვრება, დასავლეთიდან - II კომუნა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სასოფლო კომუნა სანგარებუგუ, აღმოსავლეთით სასოფლო კომუნა გაბაკურუ და სამხრეთით მდინარე ნიგერი. კომუნას ცხრა სამეზობლო ქმნის: ბანკონი, ბულკასომბუგუ, დჯელიბუგუ, დუმანზანა ფადჯიგუილა, სამხრეთი სოტუბა კოროფინა და ჩრდილოეთი კოროფინა სიკორონი.[7]
II კომუნაში 159 805 ადამიანი ცხოვრობს (2009) და 18.3 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს. სამხრეთით მდინარე ნიგერი ესაზღვრება. მუნიციპალიტეტი თეთრმეტ სამეზობლოს მოიცავს: ნიარელა (უძველესი), ბაგადადჯი, მედინა-კურა, ბოზოლა, მისირა, იპოდრომი, ქუინზამბუგუ, ბაკარიბუგუ, TSF, სამრეწველო ტერიტორია და ბუგუბა. II კომუნაში მდებარეობს კუნძული Cité Niger. ეს კომუნა ბამაკოს მთავარი ინდუსტრიული ცენტრია.[8][9]
III კომუნაში 128 872 ადამიანი ცხოვრობს და 20.7 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს. ჩრდილოეთიდან მას კათი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სალახლო ბულვარი, რომელიც II კომუნისგან გამოყოფს. სამხრეთით მდინარე ნიგერის ნაპირებია, ხოლო დასავლეთით - მდინარე ფარაკო და შეიხ ზაიად ელ მაჰიან ბენ სულთანის გამზირი. ეს კომუნა ბამაკოს ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრია. აქ მდებარეობს დედაქალაქის ორი უდიდესი ბაზარი: დიდი ბაზარი და დიბიდა. კომუნაში 20 სამეზობლო შედის, მათ შორის კულუნინკოსა და სირაკოროდუნფინგის სოფლებიც.[10]
IV კომუნაში 300 085 ადამიანი ცხოვრობს (2009) და 42 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს. აღმსოავლეთით III კომუნა ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მდინარე ნიგერის მარცხენა ნაპირი. IV კომუნა რვა სამეზობლოსგან შედგება: ტალიკო, ლასა, სიბირინბუგუ, დჯიკორონი პარა, სებენიკორო, ჰამდალაი, ლაფიანბუგუ და კალაბამბუგუ.
V კომუნაში 414 668 ადამიანი ცხოვრობს (2009) და 82 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს. ჩრდილოეთით მდინარე ნიგერი ესაზღვრება, სამხრეთით - აეროპორტი და კალაბანკოროს კომუნა, ხოლო აღმოსავლეთით VI კომუნა და ნიგერი. კომუნა რვა სამეზობლოსგან შედგება: ბადალაბუგუ, სემა I, მალის კვარტალი, ტოროკორობუგუ, ბაკო-დჯიკორონი, საბალიბუგუ, დაუდაბუგუ და კალაბან-კურა.
VI კომუნაში 470 269 ადამიანი ცხოვრობს და 87 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოიცავს. იგი ბამაკოს ყველაზე დიდი კომუნაა როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მიხედვით. შედგება ათი სამეზობლოსგან: ბანანკაბუგუ, დჯანეკელა, ფალადიე, მაგნამბუგუ, მისაბუგუ, ნიამაკორო, სენუ, სოგონიკო, სოკოროდჯი და ირიმადიო.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკოს რაიონზე ქვეყნის სამრეწველო აქტივობის 70% მოდის.[11][12] მომსახურების სექტორი ყველაზე მეტადაა განვითარებული. განვითარებულია ხელსაქმე და ვაჭრობა. ბამაკოს ტრადიციული კომერციული ცენტრი მდინარე ნიგერის ჩრდილოეთით იყო განლაგებული.
ქალაქის საქმიანი ნაწილი დაბინძურებული, საცობებით დატვირთული და ძვირია. ურბანიზაცია სწრაფად ვრცელდება ქალაქის ირგვლივ 30 კმ-ის რადიუსში. ქალაქის ყველაზე უბრანიზებული ტერიტორია მდინარე ნიგერის სამხრეთ სანაპიროა. თანამედროვე ბიზნეს რაიონი სწრაფად ვითარდება ქალაქის საქმიანი ნაწილის დასავლეთით ACI-2000 რაიონში, რომელსაც უკეთესი გეომეტრიული განლაგებით გამოირჩევა. ბამაკოში მდებარეობს Air Mali-ს (ყოფილი Compagnie Aérienne du Mali) სათაო ოფისი.[13] წლების განმავლობაში ბამაკოში ინვესტიციების დიდი ნაწილი საუდის არაბეთიდან მოდიოდა, რომელთა მეშვებითაც არაერთი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობა აიგო. უკანასკნელ წლებში ბამაკოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ჩინეთი გახდა, რომლის დაბანდებებიც ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
ბამაკოში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სოფლის მეურნეობასაც, რომელსაც ძირითადად ბოზოს ტომის მეტევზეები მისდევენ.
ენერგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკოს ელექტროენერგიის დიდი ნაწილი სელინგის კაშხლის ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით მიეწოდება. სასმელი წყალი ბამაკოსა და ქალაქ კატის მდინარე ნიგერის სატუმბი სადგურიდან მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ 135 000 კუბური მეტრი სასმელი წყალი ქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისი არაა, რომელსაც ცხელ სეზონზე, აპრილსა და ივნისს შორის პერიოდში სულ ცოტა 150 000 კუბური მეტრი წყალი სჭირდება ყოველდღიურად. ამ პერიოდში წყლის დეფიციტი მთავარი პრობლემაა. 2009 წელს ქალაქ კაბალაში ახალი სატუმბი სადგური ამოქმედდა.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარკინიგზო ხაზი დაკარი-ბამაკო დედაქალაქს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ კაესის გავლით აკავშირებს სენეგალის დედაქალაქ დაკართან. ფუნქციონირებს საავტომობილო კავშირი ქვეყნის ისეთ მსხვილ ქალაქებთან, როგორებიცაა კულიკორო, კატი, სეგუ, სიკასო და სხვა.
1974 წელს გახსნილი ბამაკოს აეროპორტი (Bamako-Sénou International Airport) მდებარეობს დედაქალაქიდან 15 კმ-ში. ხელისუფლების მონაცემებით 2005 წლისთვის აეროპორტის ტრაფიკმა შეადგინა 516 000 ადამიანი. ასევე განსაკუთრებული სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს მდინარე ნიგერს. ქალაქი მდებარეობს მდინარის ორივე სანაპიროზე, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია სამი ხიდით (პირველი აშენდა 1960 წელს, მეორე — 1992 წელს, მესამე 2011 წელს).
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]20 სართულიანი BCEAO კოშკი მდინარე ნიგერის ჩრდილოეთ ნაპირზე, ბამაკოს ცენტრში მდებარეობს.[14] კოშკში დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკის მალის შტაბ-ბინაა განთავსებული და ფრანკოფონურ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებში საბანკო საქმის, სავალუტო გაცვლისა და სამთავრობო საფინანსო საქმიანობის განვითარებას უწყობს ხელს. შენობას ნეო-სუდანურ არქიტექტურას მიაკუთვნებენ, რადგანაც იგი სუდანურ-საჰელიური არქიტექტურის თარგის მიხედვითაა აგებული, როგორც ცნობილი ჯენესა და ტომბუქტუს მეჩეთები. შენობა III კომუნაში მდებარეობს, მუსა ტაბელეს გამზირისა და მეფე ფაჰდის ხიდისა და მოწამეთა ხიდის გადაკვეთასთან არსებულ სანაპირო ბულვარის კვეთაში. კომპლექსის აღმოსავლეთით პარკი და ბაღი მდებარეობს, სადაც დიაგონალურად გაშლილი სახალხო ბულვარი მდინარე ნიგერამდე აღწევს.[14]
ქალაქის ადმინისტრაციის შენობა ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენს და მეფე ფაჰდის ხიდის ჩრდილო ნაწილის დასავლეთით მდებარეობს. კომპლექსის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო პრეზიდენტ კონარეს დროს, ლიბიის მთავრობის მხარდაჭერით. 10 ჰექტარზე გაშლილი ქალაქის ადმინისტრაციის კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა და იქ სამთავრობო ოფისებია განთავსებული.[15][16]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალის ეროვნული ბიბლიოთეკა პირველად 1944 წელს შეიქმნა საფრანგეთის კოლონიური მმართველობისას. 1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბიბლიოთეკა მთავრობის ბიბლიოთეკა გახდა. შემდეგ მას ძველი სახელი დაუბრუნდა. 1968 წელს ბიბლიოთეკა თავდაპირველი ადგილიდა, კულუბადან ოულოფობუგუში გადაიტანეს. ბიბლიოთეკაში 60 000-ზე მეტი წიგნია დაცული, მათ შორის წიგნები, პერიოდული გამოცემები, აუდიო დოკუმენტები, ვიდეოები და ელექტრონული მონაცემები. ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები და სხვა ნივთები საჯაროა, მხოლოდ მცირე პრივილეგიების მისაღებად საწევრო გადასახადის გადახდაა საჭირო. ბიბლიოთეკა მასპინძლობს აფრიკული ფოტოგრაფიის შეხვედრას, ფოტოგრაფიულ ფესტივალს, რომელიც ბამაკოში წელიწადში ორჯერ ტარდება.
მალის ეროვნული მუზეუმი არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მუზეუმია, სადაც მალის პრეისტორიის დროებითი და მუდმივი გამოფენებია მოწყობილი. გამოფენილია მუსიკალური ინსტრუმენტები, ტანისამოსი და მალის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან დაკავშირებული რიტუალური საგნები. ეროვნული მუზეუმის, როგორც სუდანური მუზეუმის მშენებლობა საფრანგეთის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს დაიწყო თეოდორე მონოდის ხელმძღანელობით. იგი პირველად 1953 წლის 14 თებერვალს გაიხსნა უკრაინელი არქეოლოგის, იური შუმოვსკის მეთვალყურეობით. შუმოვსკი მუზეუმში 9 წლის მანძილზე მუშობდა და ექსპონატთა ნახევარი, დაახლოებით 3000 მისი შეგროვებულია.
ბამაკოში მდებარეობს მუსო კუნდას მუზეუმი, ბამაკოს რეგიონული მუზეუმი, ბამაკოს ზოოპარკი, ბამაკოს ბოტანიკური ბაღები, ეროვნული საკონფერენციო ცენტრის კოშკი, სუვენირების პირამიდა, დამოუკიდებლობის ძეგლი, ალ ქუოდსის ძეგლი, ჰამდალაის ობელისკი, მობიდო კეიტას მემორიალი და სხვა ძეგლები.
1988 წელს ბამაკოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონფერენცია, სახელწოდებით ბამაკოს ინიციატივა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც სუბ-საჰარული აფრიკის ჯანდაცვის სფეროს ცვლილებას შეუწყო ხელი.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამაკოში მუსიკალური ბუმი 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც ვოკალისტმა სალიფ კეიტამ და მომღერალმა და გიტარისტმა ალი ფარკა ტურემ საერთაშოირისო აღიარება მოიპოვეს.[17] ამან არაერთი პროდიუსერი და მუსიკოსი დააინტერესა, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ დედაქალაქს. ბამაკოს ქუჩებში ჯემბეებითა და დასარტყამი ინსტრუმენტებით ტრადიციული ბამანის რითმების შემსრულებელი მუსიკოსების ნახვა ხშირადაა შესაძლებელი.
ბამაკოს მუსიკალური სცენა მალის მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული: საჰარის ტუარეგები, ტომბუქტუელი სონრაები, ბამაკოს სამხრეთით მოსაზღვრე რეგიონიდან ჩამოსული მალინკები, დოგონები, ფულბეები და ა.შ.[17] ბოლო პერიოდში დედაქალაქში სწრაფად გაიზარდა ბარებისა და ღამის კლუბების რაოდენობა. ცნობილი დასავლელი შემსრულებლები, როგორებიც არიან რობერტ პლანტი, რაი კუდერი, ბონი რაიტი, ჯონ ლი ჰუკერი, დამონ ალბარნი და სხვები ბამაკოს სტუმრობდნენ და ადგილობრივ მუსიკოსებთან თანამშრომლობდნენ.[17]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წელს ბამაკოში 4 უნივერსიტეტი დაარსდა: ბამაკოს სოციალურ მეცნიერებათა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბამაკოს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბამაკოს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ბამაკოს სამართლებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.[18]
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Point G საავადმყოფო 1906-1913 წლებშია იგო და 25 ჰექტარს ფარავს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალი მალის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მცირე ხანში სამოქალაქო საავადმყოფო გახდა. იგი იმ ბორცვზე მდებარეობს, რომელიც დედაქალაქს გადაჰყურებს.[19]
მეორე საავადმყოფო 1959 წელს დაარსდა. მას სახელი ეწოდა 1910 წელს, უაგადუგუში დაბადებული ექიმისა და ჰუმანისტის, გაბრიელ ტურეს პატივსაცემად, რომელიც 1935 წელს პაციენტთან კონტაქტისას გადამდები დაავადებით დაიღუპა.[20]
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აშშ როჩესტერი, (1975 წლიდან)
- საფრანგეთი ანჟე, (1974 წლიდან)
- სენეგალი დაკარი, (1974/75 წლებიდან)
- ბურკინა-ფასო ბობო-დიულასო, (1994 წლიდან)
- გერმანია ლაიპციგი, (1966 წლიდან)
- თურქმენეთი აშხაბადი, (1974 წლიდან)
- ბრაზილია სან-პაულუ
- გამბია ბანჯული
შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ასევე ხელმოწერილია ფრანგულ ქალაქებთან: ლიონი, მარსელი და ბორდო, ასევე ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუსთან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bamako-culture.org (French language) დაარქივებული 2008-06-21 საიტზე Wayback Machine.
- Bamako at Cités du Monde (French language) დაარქივებული 2005-02-04 საიტზე Wayback Machine.
- United States Embassy in Bamako დაარქივებული 2009-09-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population of Bamako, Mali. Mongabay.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2015. ციტირების თარიღი: 25 May 2015.
- ↑ World's fastest growing cities and urban areas from 2006 to 2020, by CityMayors.com
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Bamako – History. Africatravelling.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2009. ციტირების თარიღი: 23 October 2009.
- ↑ Patrick Manning. Francophone Sub-Saharan Africa, 1880–1995: 1880–1995. Cambridge University Press (1998) ISBN 0-521-64519-0 pp.198–199
- ↑ Mali attack: more than 20 dead after terrorist raid on Bamako hotel, Mamadou Tapily et al, 21 November 2015, The Guardian, Retrieved 5 January 2015
- ↑ maliweb.net :: Construction du 3e Pont de Bamako : Maliens et Chinois d'accord sur les aspects techniques du projet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 25 May 2015.
- ↑ Badiaga, S. (24 April 2009). "Town I: 26 lists in contention, the Rise"[მკვდარი ბმული]
- ↑ Velton, Ross; Geels, Jolijn (2004-01-01). Mali: The Bradt Travel Guide (en). Bradt Travel Guides. ISBN 9781841620770.
- ↑ Konate, S. (24 April 2009). "Commune II: the cradle of Bamako, The Rise"[მკვდარი ბმული]
- ↑ Cissé, A.M. (24 April 2009). Commune III : dans un mouchoir de poche ?[მკვდარი ბმული] l'Essor
- ↑ Britannica, Bamako, britannica.com, USA, accessed on June 30, 2019
- ↑ Industrial Census in 2006, provided the Council of Ministers of 20 December 2006.
- ↑ "Contact-us დაარქივებული 6 May 2015 საიტზე Wayback Machine. ." Air Mali. Retrieved 19 October 2009.
- ↑ 14.0 14.1 Velton, Russ (2006). Mali. Chalfont St Peter, Bucks / Guilford, Connecticut: Bradt UK / Globe Pequot Press. ISBN 978-1-84162-077-0.
- ↑ Orange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 May 2015.
- ↑ JournalDuMali.com: Bamako : la Cité administrative inaugurée par ATT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2015. ციტირების თარიღი: 25 May 2015.
- ↑ 17.0 17.1 17.2 Hammer, Joshua. (2 April 2006) The Siren Song of Mali. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2007.
- ↑ Allaye Lam, Assemblée nationale : FEU VERT POUR LA MODIFICATION DU CODE DU TRAVAIL ET L’ECLATEMENT DE L’UNIVERSITE DE BAMAKO დაარქივებული 2019-07-21 საიტზე Wayback Machine. , malijet.com, Mali, December 11, 2011
- ↑ B. Doumbia, « Centenaire du Point G : Un siècle à la pointe des soins et une belle histoire », L'Essor, 11 December 2006.
- ↑ B. Doumbia, Board of Directors of the Gabriel Toure hospital: the quality imperative, L'Essor, 26 February 2009
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თარგი:Illm (2000). „Housing Policy After Political Transition: The Case of Bamako“ (PDF). Environment and Urbanization. 12.
- (2003) „Bamako, Mali“, Encyclopedia of Twentieth-Century African History. Routledge. ISBN 0415234794.
- Sophie Dulucq (2005). „Bamako“, რედ. Kevin Shillington: Encyclopedia of African History. Fitzroy Dearborn. ISBN 978-1-57958-245-6.
- “Bamako,” New Encyclopedia of Africa 2nd Edition, editors John Middleton and Joseph Miller (Detroit: Charles Scribner’s Sons, 2008)
- Elizabeth Heath (2010). „Bamako, Mali“, Encyclopedia of Africa. Oxford University Press. ISBN 9780195337709.
- Roman A. Cybriwsky (2013). „Bamako“, Capital Cities around the World: An Encyclopedia of Geography, History, and Culture. ABC-CLIO, გვ. 30–31. ISBN 978-1-61069-248-9.
- Mary Jo Arnoldi (2016). „Locating history in concrete and bronze: civic monuments in Bamako, Mali“, A Companion to Public Art. Wiley. ISBN 978-1-118-47534-8.
- Courage Kamusoko (2017). „Bamako Metropolitan Area“, რედ. Yuji Murayama: Urban Development in Asia and Africa: Geospatial Analysis of Metropolises. Springer, გვ. 275–292. ISBN 978-981-10-3241-7.
|