Content-Length: 104858 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94_%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

პავლე თებაიდელი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

პავლე თებაიდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი პავლე თებაიდელიმართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი. ხსენების დღე – ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი.

ღირსი პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნულობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა.

ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა. როცა წმიდანის აღსასრული მოახლოვდა, ღმერთმა ინება, რომ მის შესახებ ანტონი დიდისთვის (ხს. 17 იანვარი) ეუწყებინა. ერთხელ, ანტონს გონებაში გაურბინა ფიქრმა, რომ ალბათ არსად იპოვება სხვა მისი მსგავსი მეუდაბნოე, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა: "ანტონი, არის ღვთის მონა, რომელიც შენზე სრულყოფილია და აქ შენზე ადრე დასახლდა. შედი უდაბნოს სიღრმეში და ჰპოვებ მას”. ნეტარი მეუდაბნოე მიჰყვა უფლის მოწოდებას და წმიდა პავლეს გამოქვაბულს გადააწყდა. ღირსი მამა წინ გამოეგება სტუმარს, რითაც მას თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა. ბერებმა სახელებით მოიკითხეს და ამბორს უყვეს ურთიერთას, შემდეგ კი დიდხანს საუბრობდნენ. ამ დროს ყვავი მიფრინდა და ორივეს პური მიართვა. ღირსმა პავლემ განუცხადა ანტონს, რომ მოწევნული იყო მისი მიცვალების ჟამი და დაკრძალვა სთხოვა. ნეტარი მამა მუხლმოყრილი აღესრულა, ლოცვის დროს. ანტონი ხედავდა, თუ როგორ მაღლდებოდა მისი სული ზეცად ანგელოზების, წინასწარმეტყველების და მოციქულების თანხლებით. უდაბნოდან გამოსულმა ორმა ლომმა წმიდანს თათებით გაუთხარა სამარე. ღირსმა ანტონიმ მიწას მიაბარა უფლის სათნომყოფელის ცხედარი, თან წამოიღო პალმის ფოთლებისგან შემზადებული მისი სამოსელი და თავის სავანეს დაუბრუნდა. ამ სამოსს ანტონი ინახავდა, როგორც უდიდეს სიწმინდეს და იცვამდა წელიწადში მხოლოდ ორჯერ – აღდგომას და სულთმოფენობას. ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლის ასაკში. წმიდანს სავანე არ დაუარსებია, მაგრამ მისი მიცვალების შემდეგ მომრავლებულმა მისმა მიმბაძველებმა მონასტრებით გადაფარეს მთელი უდაბნო. ღირსი პავლე მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის მამად ითვლება.

XII საუკუნეში, იმპერატორ მანუელის (1143-1180 წწ.) ბრძანებით, წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. შემდგომში ისინი ვენეციაში იქნა გადასვენებული, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს პატიოსანი თავის ნაწილი რომშია დაცული.

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94_%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy