აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ადმ. ცენტრი | ბათუმი | ||||
შიდა დაყოფა | ბათუმი, ქედის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი და შუახევის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 41°39′00″ ჩ. გ. 42°00′00″ ა. გ. / 41.65000° ჩ. გ. 42.00000° ა. გ. | ||||
მთავრობის თავმჯდომარე |
თორნიკე რიჟვაძე | ||||
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე |
დავით გაბაიძე | ||||
დაარსდა | 1991 | ||||
ფართობი | 2919 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა |
354 900 (2021)[1] , 423 000 (1994)[2] , 410 980 (1995)[2] , 391 580 (1996)[2] | ||||
სიმჭიდროვე | 114,4 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,04 % სომხები 1,64 % რუსები 1,10 % უკრაინელები 0,24 % ბერძნები 0,17 %[3] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 54,5 % მუსლიმები 39,8 %[4] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.adjara.gov.ge/ | ||||
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც 1990 წელს წარმოიქმნა ყოფილი აჭარის ასსრ-ის ბაზაზე. მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცებს, აჭარასა და ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახელისა და სამცხის ტერიტორიებს. ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AJ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.
ზოგადი ცნობები და ადმინისტრაციული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2919 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 333 953 კაცს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე – 114,4 კაცს 1 კმ²-ზე. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 340 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 6 მუნიციპალიტეტად იყოფა:
რუკა | მუნიციპალიტეტები |
---|---|
ბათუმი | |
ქედის მუნიციპალიტეტი | |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი | |
შუახევის მუნიციპალიტეტი | |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | |
ხულოს მუნიციპალიტეტი |
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია წარმოადგენს მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში შემავალი მთებისა და ხეობების სისტემას, რომელსაც შუაზე კვეთს რეგიონის მთავარი მდინარე — აჭარისწყალი. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა. ზღვის სანაპირო ზონა ზოგან საკმაოდ განიერია და ქმნის პლაჟებს (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი), ხოლო ზოგან უშუალოდ ესაზღვრება მესხეთის ქედის ციცაბო ფერდობებს (მწვანე კონცხი). სანაპირო ზონა მოიცავს დაბლობ რაიონებსა და მთის ფერდობებს 100–200 მ სიმაღლემდე. უფრო აღმოსავლეთით, 200–1000 მ სიმაღლეთა შუალედში, გორაკ-ბორცვიანი რელიეფი იცვლება მთიანი ზონით, რომელიც მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედების ფერდობებზე გადადის მაღალმთიან ზონაში 1000–2000 მ და უფრო დიდ სიმაღლეებზე. აჭარის ყველაზე მაღალი მთებია კენჭაული და ხინო, რომლებიც 3000 მ სიმაღლეს ვერ აღწევს და არ გააჩნია მუდმივი თოვლის საფარი. თუმცა, გოდერძის უღელტეხილზე (2025 მ) და მაღალი მთების ფერდობებზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 7-8 თვემდე აღწევს. მთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 80 % უჭირავს, მთისწინეთს — 15 %, დაბლობებით კი დაკავებულია რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 5 % (2900 კმ²).
ტყის რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყეებს უკავია რესპუბლიკის ფართობის 65 %. ეს მაჩვენებელი გამორჩეულად მაღალია საქართველოს (39,1 %), მეზობელი თურქეთის (11 %) და მთლიანად მსოფლიოს (27 %) შესაბამის მაჩვენებლებთან. ტყის მასივების ყველაზე მეტი წილი მოდის ზღვის დონიდან 1000–2000 მ-ის ფარგლებში და შეადგენს 61 %. ტყით დაფარული ფართობების ნახევარზე მეტი, 55,9 % მოდის 31 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე. ტყეების ფართობები შეადგენს 23 790,8 ჰა-ს. ტყის მერქნული რესურსი მოიცავს წიწვოვან (ფართობი – 875 ჰა) და ფოთლოვან (ფართობი – 22 404 ჰა) ტყეებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით აჭარას (სამუსლიმანო საქართველო, ბათუმის მხარე) მიენიჭა ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება. 1921 წლის 16 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი მოსკოვის შეთანხმების მე-2 მუხლის მიხედვით თურქეთმა დაუთმო რუსეთს ქალაქი ბათუმი და მიმდებარე ტერიტორიები იმ პირობით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებდა ავტონომიის უფლებით. 1921 წლის 16 ივლისს (საქართველოს სსრ) შემადგენლობაში შეიქმნა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირობები გაიმეორა 1921 წლის 13 ოქტომბერს, ერთის მხრივ, ოსმალეთის მთავრობასა და, მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებულმა ყარსის ხელშეკრულებამ. 1990 წლის 10 დეკემბერს აჭარის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა აჭარის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანა და მხარი დაუჭირა ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შეცვლასა და თვით სახელწოდებას. რესპუბლიკის სახელწოდებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“. 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციამ შეუნარჩუნა აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სტატუსი განსაზღვრულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით.[5]
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი კანონია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
უმაღლესი საბჭო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც შედგება ავტონომური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ 4 წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.
1991 წლის 23 ივნისს ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. საერთო სიაში ირიცხებოდა 228 749 ამომრჩეველი. კენჭისყრაზე მონაწილეობდა 137 817 კაცი, ანუ 60,2 %. ხმები განაწილდა შემდეგნაირად: საარჩევნო ბლოკი „აჭარა“ — 24 992 ხმა (19,31 %); აჭარის რეგიონული ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ — 59 949 ხმა (47,11 %); საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის აჭარის საოლქო ორგანიზაცია — 22 180 ხმა (17,57 %); საარჩევნო ბლოკი „ეკონომიკური აღორძინება“ — 7855 ხმა (6,19 %); სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების აჭარის რეგიონული ორგანიზაცია — 4375 ხმა (3,46 %); სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების პარტიის ბათუმის საქალაქო, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულმა ორგანიზაციებმა — 4835 ხმა (5,46 %). ორმოციდან 24 საარჩევნო ოქში არჩევნები გაიმართა განმეორებით, 11 ოლქში მოეწყო კენჭისყრის მეორე ტური.
5 აგვისტოს გაიმართა ახლადარჩეული აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1991–2001 — ასლან აბაშიძე;
- 2001–2004 — ანთაზ ქიქავა;
- 2001–2004 — ალექსანდრე გობრონიძე;
- 2004 — გიორგი ცინცქილაძე;
- 2004–2012 — მიხეილ მახარაძე;
- 2012–2016 — ავთანდილ ბერიძე;
- 2016-დან — დავით გაბაიძე.
მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისგან, მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას ბოლო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტთაც კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
მინისტრთა საბჭოს / მთავრობის თავმჯდომარეები:
- გურამ ვარშალომიძე;
- ალექსანდრე ფაღავა;
- ავთანდილ გორგილაძე;
- გიორგი ცინცქილაძე;
- ედუარდ კაკაბაძე;
- რევაზ შამილიშვილი
- როსტომ ჯაფარიძე
- 2004–2012 — ლევან ვარშალომიძე
- 2012–2016 — არჩილ ხაბაძე
- 2016–2018 — ზურაბ პატარაძე
- 21 ივლისი, 2018-დან — თორნიკე რიჟვაძე
2001–2004 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობა იყო ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, რომელსაც იკავებდა ასლან აბაშიძე.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[6] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2021 | 2022 | 2023 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | 245 286 | 309 768 | 354 179 | 392 707 | 381 500 | 376 016 | 333 953 | 354 905 | 355 462 | 361 411 |
ბათუმი | 82 328 | 100 603 | 122 815 | 136 609 | 137 500 | 121 806 | 152 839 | 172 063 | 173 745 | 179 185 |
ქედის მუნიციპალიტეტი | 17 204 | 19 065 | 19 232 | 19 928 | 19 100 | 20 024 | 16 760 | 16 700 | 16 612 | 16 537 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 54 401 | 70 717 | 78 382 | 88 107 | 89 400 | 88 063 | 74 794 | 71 843 | 70 737 | 70 382 |
შუახევის მუნიციპალიტეტი | 20 324 | 23 196 | 23 081 | 25 113 | 17 900 | 21 850 | 15 044 | 14 936 | 14 838 | 14 753 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 42 870 | 61 905 | 71 887 | 83 562 | 85 200 | 90 843 | 51 189 | 52 737 | 52 696 | 52 930 |
ხულოს მუნიციპალიტეტი | 28 159 | 34 282 | 38 782 | 39 388 | 32 400 | 33 430 | 23 327 | 26 626 | 26 834 | 27 624 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგებია აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.
2021 წლის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 4,86 მილიარდი ლარი იყო (საქართველოს მშპ-ის 9,3%).[7]
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში მაუწყებლობს ორი რეგიონული ტელევიზია და ერთი რადიო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ტელეარხი-25, რადიო აჭარა FM-104.5.
ასევე ბეჭდური მედია: გაზეთები: „აჭარა“, „ბათუმელები“, „აჭარა პ.ს“, „ჩემი ქობულეთი“, „შუახევი“ და ჟურნალი „ჭოროხი“.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი:
ციხეები: პეტრას ციხე, თამარის ციხე, გონიოს ციხე, ხირხათის ციხე, ბეგოშვილების ციხე, ცივასულას ციხე, საღორეთის ციხე, გულების ციხე, ტაკიძეების ციხე, კავიანის ციხე, ჭვანის ციხე, ოქროპილაურის ყალაბოინი, მთისუბნის ციხე, ვარდიციხე, ჩხუტუნეთის ციხე, ყოროლისთავის ციხე, ალამბრის კოშკი, ნიგაზეულის ციხე-გალავანი.
ეკლესიები: სხალთის ეკლესია, ვანაძეების ნასაყდრალი, ვერნების ეკლესია, თხილვანის ეკლესია, ცხმორისის ეკლესია, ქვახიდის სერის ეკლესია, ცხრაფონის ამაღლების საყდარი, თეთროსანის ეკლესია, ქაქუთის მთავარანგელოზი, ხინოს კათედრალი.
მეჩეთები: აჰმედ ფაშას მეჩეთი, მუფტიეს მეჩეთი, ზიეს მეჩეთი, ორთა ჯამეს მეჩეთი.
ხიდები: მახოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, დანდალოს ხიდი, ფურტიოს ხიდი, მიწის ხიდი, ცხემლარის ხიდი, ჩხერის ხიდი, ზვარიას ხიდი, ბასრიმელის ხიდი, ცხემვანის ხიდი, ჩამახისურის ხიდი, ჭვანის ხიდი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
- ქალაქ ბათუმის მერია
- ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დაარქივებული 2018-01-05 საიტზე Wayback Machine.
- აჭარის ტელევიზია დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/english/population/01%20Population%20by%20municipalities%20for%20the%20beginning%20of%20the%20year.xls
- ↑ 2.0 2.1 2.2 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური — 2010.
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (13 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2020.
- ↑ Georgia division
- ↑ საქართველოს ეროვნული ანგარიშები 2021, თბ.: საქსტატი, 2021. — გვ. 87.
|
|