კენი დალგლიში
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კენეთ მეთისონ დალგლიში | ||
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
გლაზგო შოტლანდია | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1967–1968 | ქამბერნოლდ იუნაიტედი | ||
1968–1969 | სელტიკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1969–1977 | სელტიკი | 204 | (112) |
1977–1990 | ლივერპული | 355 | (118) |
სულ | 559 | (230) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1971–1986 | შოტლანდია | 102 | (30) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1985–1991 | ლივერპული | ||
1991–1995 | ბლეკბერნ როვერსი | ||
1997–1998 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
2000 | სელტიკი | ||
2011–2012 | ლივერპული | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კენი დალგლიში (ინგლ. Kenny Dalglish; დ. 4 მარტი, 1951, გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი) — შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1974 წლის გერმანიის, 1978 წლის არგენტინის და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე შოტლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შოტლანდიელ ფეხბურთელად.
დალგლიშმა ოცწლიანი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ კლუბში ითამაშა, შოტლანდიურ „სელტიკსა“ და ინგლისურ „ლივერპულში“. დალგლიში წარმატებით ასპარეზობდა ორივე კლუბში, განსაკუთრებით კი მისი მერსისაიდული მიღწევებია აღსანიშნავი. მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი — 1978, 1981 და 1984 წლებში.
კენი დალგლიშმა შოტლანდიის ნაკრების მაისურით სარეკორდო, 102 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.
2009 წელს საფეხბურთო ჟურნალმა „FourFourTwo-მ“ იგი დაასახელა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო თავდამსხმელად და „ლივერპულის“ ისტორიაში დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის უპირველესად.
საფეხბურთო კარიერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენი დალგლიში ინჟინრის ოჯახში დაიბადა და ბავშვობაში „რეინჯერსის“ ფანი იყო. იგი გლაზგოს „რეინჯერსის“ სტადიონთან ცხოვრბოდა და მუდამ ამ შოტლანდიური კლუბის გულშემატკივრების გარემოცვაშიც იყო. აღსანიშნავია, რომ კენიმ საფეხბურთო კარიერა მილტონის სპორტულ სკოლაში მეკარედ დაიწყო. გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელი მალე შოტლანდიის 15 წლამდელთან ნაკრებში მოხვდა. ყველასდა მოულოდნელად მან ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში არა კარში, არამედ მარჯვენა ნახევარდაცვაში ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ კენი უკვე გლაზგოს მოსწავლეთა ნაკრებში ხვდება, შემდეგ კი შოტლანდიის მოსწავლეთა ნაკრებში და ბრიტანელი ერების თასიც მოიგო. 1967 წელს კი იგი „სელტიკთან“ აფორმებს კონტრაქტს, თავისი ბავშვობის კლუბის, „რეინჯერსის“ დაუძინებელ მტერთან.
სელტიკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს 1967 წლის მაისში მოაწერა ხელი. თავად კენი დალგლიში ავტობიოგრაფიაში ასე იხსენებს ამ ფაქტს: „სელტიკის“ მაშინდელმა მენეჯერმა, ჯოკ სტეინმა თავისი ასისტენტი, შონ ფელონი გააგზავნა კენის სახლში მშობლეთან შესახვედრად, რათა მათი შვილი „სელტიკში“ ჩაერიცხათ. როდესაც ფელონი მათ სახლს მიუხლოვდა, კენი მაშინვე საკუთარ ოთახში გაიქცა და სასწრაოდ დამალა „რეინჯერსის“ პოსტერები. იმ წელს დალგლიშმა სეზონი ასაკის გამო „Cumbernauld United-ში“ გაატარა, სადაც 1967–68 წლებში მან 37 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში კი უკვე სელტიკში რეზერვების რეგულარული წევრი გახდა. მისი პროფესიონალური დებიუტი შოტლანდიის თასზე Hamilton Academical-ის წინააღმდეგ მატჩში შედგა, როდესაც კენი შეცვლაზე შემოვიდა და „სელტიკს“ 4–2 გამარჯვებაში დაეხმარა.
პირველ გუნდში თავის დასამკვიდრებლად დალგლიშს სამი წელი დასჭირდა. „სელტიკი“ იმ პერიოდში არა მხოლოდ შოტლანდიის საუკეთესო კლუბი, არამედ პირველი ბრიტანული გუნდი იყო რომელმაც მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, მას შემდეგ რაც 2–1 დაამარცხა „მილანის ინტერი“ — ლისაბონში, „ესტადიო ნასიონალზე“. „სელტიკის“ მენეჯერი მის ნიჭს ხედავდა და შანსებსაც აძლევდა. ერთ-ერთი მორიგი შესაძლებლობა ძალების წარმოჩენისა კენის „კილმარნოკთან“ მატჩში მიეცა, რომელიც „სელტიკმა“ 7–2 მოიგო. აქედან 6 გოლი კი დალგლიშმა გაიტანა.
1972–23 წლებში კენი უკვე „სელტიკის“ ლიდერი იყო. მან იმ წლის სეზონში 41 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ერთად. 1975 წელს კი უკვე „სელტიკის“ კაპიტანიც გახდა, თუმცა ის წელი უიღბლო აღმოჩნდა გუნდისთვის. მთავარმა მწვრთნელმა ავტოავარიაში ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. შედეგად „სელტიკი“ 12 წლის განმავლობაში პირველად უთასოდ დარჩა.
იმ დროისთვის როდესაც კენიმ „სელტიკის“ მიტოვება გადაწყვიტა, იგი უკვე 6 წელი იყო ნაკრების უცვლელი ფიგურა. მან მონაწილეობა მიიღო 1974 წლის მუნდიალზეც. 1976 წელს კი შოტლანდიამ მისი გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით, რომელიც კენიმ „ლივერპულის“ ლეგენდარულ მეკარეს, როი კლემენსს ფეხებს შორის გაუძვრინა, ინგლისი დაამარცხა. მომდევნო წელს კი კვლავ მისი გოლით შოტლანდიელებმა უემბლიზეც მოიგეს.
1977 წელს, „სელტიკში“ ჩატარებული 260 მატჩის და 167 გოლის შემდეგ დალგლიში ბობ პისლის „ლივერპულში“ გადავიდა, იმ დროის რეკორდულ სატრანსფერო თანხად — 440000 ფუნტად, რათა „ჰამბურგში“ გადაბარგებული კევინ კიგანი შეეცვალა წითლებში. „სელტიკისთვის“ კი ეს მძიმე დანაკარგი იყო და ერთ დროს გლაზგოელი ფანების საყვარელი ფეხბურთელი მოღალატედ იქცა.
ლივერპული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერსესაიდელი გულშემატკივრები ეჭვის თვალით უყურებდნენ კევინ კიგანის შემცვლელს გუნდში, თუმცა დალგლიშმა სწრაფად გაიარა ადაპტაციის პერიოდში და „ლივერპულში“ დამკვიდრდა. კიგანის 7 ნომრიანი მაისურით მას დებიუტი 1997 წლის 13 აგვისტოს „მანჩესტერ უნაიტედთან“ ჰქონდა, წარმატებული სეზონის შემდეგ კი მან უეფას სუპერ თასის ფინალშიც გაიტანა, სადაც „ლივერპულმა“ კევინ კიგანის ახალი კლუბი „ჰამბურგი“ 6–0 გაანადგურა.
პირველი სეზონის შემდეგ დალგლიშს „ლივერპულში“ უკვე 61 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 31 გოლი გატანილი. მათ შორის გამარჯვების გოლიც 1978 წლის ევროპის თასის ფინალში უემბლიზე „ბრიუგეს“ წინააღმდეგ. მისი გოლი გახდა დასაწყისი „ლივერპულის“ ოქროს ხანისა, დაუმარცხებელი კლუბის, რომელიც 80-იან წლებში როგორც ბრიტანეთს, ისე მთელ ევროპას ფეხბურთს ასწავლიდა. დალგლიშმა მონაწილეობა მიიღო 1978 და 1982 წლების მუნდიალებზეც. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ვერ ცდებოდა ჯგუფურ ეტაპს, დალგლიშმა ორივე მუნდიალზე გაიტანა, ერთი ესპანეთთან და ერთიც ჰოლანდიასთან.
1980 წლის აპრილში „ლივერპულმა“ 300000 ფუნტად იან რაში შეიძინა. 18 წლის რაში მალე კენი დალგლიშის მეწყვილე გახდა და ლეგენდარული დუეტის წყალობით „წითლებმა“ ინგლისის ჩემპიონატიც მოიგეს და ინგლისის ლიგის თასიც. 1982–83 წლების სეზონში კი კენი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მომდევნო წლებში დალგლიშმა რამდენიმეჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და კლუბის ლიდერიც იყო, თუმცა იან რაშის საოცარი თამაშის შემდეგ მას მთავარი მეგოლის სტატუსი ჩამოერთვა და კლუბში ახალი როლი იტვირთა. 1985 წელს ჯოე ფაგანის გადადგომის შემდეგ „ლივერპულის“ მენეჯერის პოსტიდან, კენი დალგლიში მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა. მან საკუთარი თავი იმ სეზონში 21-ჯერ დააყენა შემადგენლობაში. მათ შორის ფა-ს თასის ფინალშიც „ევერტონის“ წინააღმდეგ და პრემიერლიგის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში „ჩელსის“ წინააღმდეგ. სადაც მისმა გოლმა 1–0 გაამარჯვებინა „წითლებს“ და მათ მეთქვსმეტედ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი. მომდევნო სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და კვლვ მოიგო ინგლისის ტოპ-დივიზიონი. 1990 წლის 5 მაისს კი 38 წლის კენი დალგლიშმა ბოლო მატჩი ჩაატარა „ლივერპულში“, ორი წუთი ითამაშა „დერბი ქაუნთისთან“ და დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა.
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლივერპული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთამაშე-მწვრთნელის რანგში კენი დალგლიშმა პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონატი და ფა-ს თასი მოიგო. მეორე წელს კლუბი უტიტულოდ დარჩა, თუმცა მესამე სეზონში დალგლიშმა გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. შეიძინა ჯონ ოლდრიჯი, პიტერ ბარდსლი, ჯონ ბარნსი, რეი ჰიუტონი, ალან ჰანსენი, სტივ მაკმაჰონი, მარკ ლოურენსონი და სტივ ნიკოლი. დალგლიშს შექმნილმა შემადგენლობამ კი სეზონის დასაწყისში ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა და ინგლისის ჩემპიონობა ოთხი ტურით ადრე იზეიმა. იმ სეზონში ჩატარებული 40 თამაშიდან ტოპ-დივიზიონში „ლივერპულს“ მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა.
1989 წელს კი „ლივერპულმა“ დალგლიშის ხელმძღვანელობით ფა-ს თასი მოიგო, ინგლისის ჩემპიონობაში კი გოლების სხვაობამ შეუშალა ხელი. „არსენალმა“ იმ სეზონში მხოლოდ მეტი გატანილი გოლის გამო დაისაკუთრა ტიტული. 1990 წელს კი „ლივერპულში“ გატარებული 5 წლის განმავლობაში დალგლიშმა მესამედ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა და ასევე — მესამედ გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი. 1989 წელი დალგლიშისთვის საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ იგი ედგა სათავეში „ლივერპულს“ მაშინ, როდესაც ჰილზბოროს ტრაგედია მოხდა. ფანებისთვის კენის უდიდეს პატივისცემას და საოცარ დამოკიდებულებას ამ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივარრების მიმართ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უყვართ ასე დალგლიში „ლივერპულის“ გულშემატკივრებს, სწორედ ის პატივია, რომელიც კენიმ ღირსეულად მიაგო ლივერპულის დაღუპულ გმირებს.
1991 წლის 22 თებერვალს კი კენი დალგლიში გადადგა პოსტიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მისი ბოლო გადაწყვეტილებები კლუბში სტივ მაკმანამანის და მაიკ მარშის აკადემიიდან პირველ გუნდში გადმოყვანა იყო. მისი ბოლო ტრანსფერი კი ახალაგზრდა ჯეიმი რედკნაპი. სამივე ფეხბურთელი „ლივერპულის“ ლეგენდა გახდა მომავალში.
კენი დალგლიშის მერსისაიდული სტატისტიკა ასეთია: 515 ჩატარებული მატჩი, აქედან 307 მწვრთნელის რანგში. 172 გატანილი გოლი. 8-ჯერ მოგებული ინგლისის ტოპ-დივიზიონი, 2 ფა-ს თასი, 3 ევროპის ჩემპიონთა თასი, 4 ინგლისის ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი — 5 ინგლისის სუპერთასთან ერთად. მას ასევე მოპოვებული აქვს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული როგორც ჟურნალისტების, ასევე, ფეხბურთელების და მწრთნელების გამოკითხვით. საუკეთესო მწვრთნელად კი იგი სამჯერ აღიარეს.
ბლექბერნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც დალგლიშმა „ლივერპული“ ჯანმრთელობის გამო დატოვა, არავინ მოელოდა რომ იგი 8 თვის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს და ამჯერად მეორე დივიზიონში მყოფ „ბლექბერნს“ ჩაუდგებოდა სათავეში.
მან პირველივე სეზონში დააბრუნა კლუბი პრემიერლიგაში. რაც 1966 წლის შემდეგ პირველად მოხდა „ბლექბერნის“ ისტორიაში. მეორე სეზონის დასაწყისში მან ალან შირერი შეიძინა „საუთჰემპტონიდან“ იმ დროისთვის რეკორდულ ფასად, 3,5 მილიონ ფუნტად. წლის ბოლოს „ბლექბერნი“ მეოთხე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში.
მესამე სეზონი „ბლექბერნმა“ უკვე მეორე ადგილზე დაასრულა. იანვარში დალგლიშის გუნდი 16 პოზიციით ჩამორჩებოდა „მანჩესტერ იუნაიტედს“, აპრილში კი უკვე გაუთანაბრდა ქულებით და საბოლოოდ სწორედ „მანჩესტერის“ შემდეგ საუკეთესო შედეგიც აჩვენა პრემიერ ლიგაში. მეოთხე წელს კი დალგლიშმა 27 მილიონი ფუნტი დახარჯა ტრანსფერებში და შედეგად სეზონის ბოლო მატჩამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. მეტოქე კი კვლავ „მანიუ“ იყო. ბოლო მატჩში ბედის ირონიით დალგლიშის გუნდი „ლივერპულს“ ხვდებოდა, „მანჩესტერი“ კი „ვესტ ჰემს“. მიუხედავად „ლივერპულთან“ 2–1 დამარცხებისა, „ბლექბერნმა“ ჩემპიონობა მაინც იზეიმა, რადგან ვერც „მანჩესტერმა“ შეძლო სასურველი ანგარიშით გამარჯვება. რადიოში გაჟღერებული ეს ცნობა „ენფილდზე“ „ბლექბერნის“ ბოსმა კენი დალგლიშმა ტრიუმფალურად აღნიშნა. მან მეორე დივიზიონის კლუბი ჩაიბარა და 4 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახადა.
1995 წელს პრემიერლიგის მოგების შემდეგ კენი „ბლექბერნის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მენეჯერი კი რეი ჰარფორდი გახდა. დალგლიშმა „ბლექბერნში“ ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია ჩამოაყალიბა და ინგლისში საუკეთესო ახალგაზრდული საფეხბურთო სისტემა შექმნა.
ნიუკასლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის 14 იანვარს დალგლიში „ნიუკასლის“ მწვრთნელი გახდა. პირველ სეზონში მან მეორე ადგილზე გაიყვანა “შავ-თეთრები” და ახლად ჩამოყალიბებულ ჩემპიონთა ლიგაზეც ათამაშა გუნდი. მომდევნო სეზონი კი უიღბლო გამოდგა. ალან შირერის გრძელვადიანი ტრავმების და არასწორი ტრანსფერების შედეგად „ნიუკასლმა“ წელი მე-13 პოზიციაზე დაასრულა. ერთადერთი ნათელი წერტილი იმ წელს „ნიუკასლის“ 3–1 გამარჯვება იყო „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე და ფა-ს თასის ფინალში გასვლა.
სელტიკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დალგლიში 1999 წელს „სელტიკის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მთავარ მენეჯერად კი მისი ყოფილი ფეხბურთელი და „ლივერპულის“ კიდევ ერთი ლეგენდა, ჯონ ბარნსი. ერთი წლის შემდეგ ბარნსი გაათავისუფლეს და მენეჯერად კენი დალგლიში დაინიშნა. პირველივე სეზონში „სელტიკმა“ შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო და სეზონის ბოლოს ასპარეზი მარტინ ონილს დაუთმო. მას შემდეგ მას არაერთ კლუბთან აკავშირებდნენ, მათ შორის „ლივერპულთანაც“ 2004 წელს რაფაელ ბენიტესის მოსვლამდე, მაგრამ კენიმ დიდი საფეხბურთო პაუზა აიღო.
დაბრუნება ლივერპულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის აპრილში რაფა ბენიტესის თხოვნით კენი დალგლიში „ლივერპულის“ ახალგაზრდულ აკადემიას ჩაუდგა სათავეში. 3 ივლისს კი კენი კლუბის ოფიციალური ელჩიც გახდა. ბენიტესის წასვლის შემდეგ 2010 წლის 3 ივნისს დალგლიშს კვლავ შესთავაზეს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამ ნაბიჯს „ლივერპულის“ ლეგენდები და გულშემატკივრებიც ითხოვდნენ, მაგრამ 1 ივლისს გუნდი როი ჰოჯსონმა ჩაიბარა. წარუმატებელი 6 თვის შემდეგ როი ჰოჯსონი გაათავისუფლეს და მისი ადგილი დალგლიშმა დაიკავა. დალგლიში ორი სეზონის მანძილზე, 2012 წლის მაისამდე წვრთნიდა გუნდს.
მიღწევები და სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელტიკში კენი დალგლიში 4 ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ასევე ოთხჯერ მოიგო შოტლანდიის თასი და ერთხელ შოტლანდიის სუპერთასი.
„ლივერპულში“ კი კენი ფეხბურთელის რანგში 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და სამჯერ ვერცხლის მედალოსანი. ოთხჯერ მოიგო ინგლისის თასი და ერთხელ ფა-ს თასი. სამჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონთა თასზე, ერთხელ ევროპის სუპერთასზე და ორჯერ გავიდა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში.
მწვრთნელის რანგში კი სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ გავიდა მეორეზე. ასევე ორჯერ გაიმარჯვა ფა-ს თასზეც. „ბლექბერნთან“ ერთად მოიგო მეორე დივიზიონი, შემდეგ გავიდა მეორე ადგილზე პრემიერლიგაში და ასევე, გახდა პრემიერლიგის ჩემპიონიც. „ნიუკასლსა“ და „სელტიკში“ კი შესაბამისად პრემიერლიგის და შოტლანდიის ჩემპიონატის მეორე ადგილებს დასჯერდა.
კენი დალგლიში ოთხჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად – 1985/86, 1987/88, 1989/90, 1994/95 წლების სეზონებში. რაც შეეხება „ლივერპულს“, მან კლუბში მწვრთნელის რანგში სულ 297 მატჩი ჩაატარა. აქედან 180 მოიგო, მხოლოდ 41-ში დამარცხდა და 76 მატჩი ფრედ დაასრულა. პროცენტულად მან ჩატარებული მატჩების 60,1 მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია „ლივერპულის“ ისტორიაში. შედარებისთვის ბილ შენკლის 52% ჰქონდა, რაფა ბენიტესს – 55%, როი ჰოჯსონს კი – 43%.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელტიკი (მოთამაშე)
- შოტლანდიის პირველი დივიზიონი
- ჩემპიონი (4): 1971–72, 1972–73, 1973–74, 1976–77
- ვიცე-ჩემპიონი (?):
- შოტლანდიის თასი
- გამარჯვებული (4): 1971–72, 1973–74, 1974–75, 1976–77
- ფინალისტი (?):
- შოტლანდიის სუპერთასი
- გამარჯვებული (1): 1974–75
- ფინალისტი (?):
ლივერპული (მოთამაშე)
- ინგლისის პირველი დივიზიონი
- ჩემპიონი (6): 1978–79, 1979–80, 1981–82, 1982–83, 1983–84, 1985–86
- ვიცე-ჩემპიონი (?):
- ინგლისის თასი
- გამარჯვებული (1): 1985–86
- ფინალისტი (?):
- ინგლისის ლიგის თასი
- გამარჯვებული (4): 1980–81, 1981–82, 1982–83, 1983–84
- ფინალისტი (?):
- ჩერითი შილდსი
- გამარჯვებული (7): 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989
- ფინალისტი (?):
- ჩემპიონთა თასი
- გამარჯვებული (3): 1977–78, 1980–81, 1983–84
- ფინალისტი (?):
- ევროპის სუპერთასი
- გამარჯვებული (1): 1977
- ფინალისტი (?):
ლივერპული (მწვრთნელი)
- ინგლისის პირველი დივიზიონი
- ჩემპიონი (3): 1985–86, 1987–88, 1989–90
- ვიცე-ჩემპიონი (?):
- ინგლისის თასი
- გამარჯვებული (2): 1985–86, 1988–89
- ფინალისტი (?):
- ინგლისის ლიგის თასი
- გამარჯვებული (1): 2011–12
- ფინალისტი (?):
- ჩერითი შილდსი
- გამარჯვებული (4): 1986, 1988, 1989, 1990
- ფინალისტი (?):
ბლექბერნ როვერსი (მწვრთნელი)
- ინგლისის პრემიერლიგა
- ჩემპიონი (1): 1994–95
- Football League Second Division Play Off
- გამარჯვებული (1): 1991–92
ბლექბერნ როვერსი (მწვრთნელი)
- შოტლანდიის ლიგის თასი
- გამარჯვებული (1): 1999–2000
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დალგლიში — შოტლანდიელთა იმედი // „ლელო“, 14 თებერვალი, 1978, № 32 (6097), გვ. 4, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კენი დალგლიში Twitter-ზე
- დალგლიშის პროფილი ლივერპულის საიტზე
- კენი დალგლიში — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- დაბადებული 1951
- დაბადებული 4 მარტი
- შოტლანდიელი ფეხბურთელები
- შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელები
- შოტლანდიელი ფეხბურთის მწვრთნელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- ლივერპულის ფეხბურთელები
- ლივერპულის მწვრთნელები
- ნიუკასლ იუნაიტედის მწვრთნელები
- ფიფას 100-ეული
- 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები