შინაარსზე გადასვლა

კვეთა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვეთალიტურგიის პირველი ნაწილი, რომელზედაც მზადდება მასალა წმიდა საიდუმლოს შესასრულებლად.

ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო ზიარებისათვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას „პროსკომიდიას“, რაც ბერძნულად ნიშნავს მოტანას.

წმ. ზიარების სიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია პური და ღვინო. პური საჭიროა გაფუებული, რადგან სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. გარეგნულად პური ანუ სეფისკვერი უნდა იყოს: 1. მრგვალი; 2. ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი, – ღვთაებრივისა და ადამიანურისა (თუმცა გამოიყენება ასევე ერთნაწილიანი სეფისკვერებიც); 3. თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ აღნიშნული პური ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი; და 4. ჯვარზე უნდა იყოს გამოსახული შემდეგი წარწერა:”იესუ ქრისტე ძლევა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ ყველას სძლია. ღვინო უნდა იყოს ყურძნისა, წითელი ფერის. ყურძნის იმიტომ, რომ თვით მაცხოვარი საიდუმლო სერობაზე ეზიარა ყურძნის ღვინით, რაც შეეხება წითელს – იგი სისხლის ფერია. კვეთისათვის საჭიროა ხუთი სეფისკვერი, რომელიც გვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას. ოთხზე გამოსახულია ჯვარი ხოლო მეხუთეზე ღვთისმშობელი. ეს ხუთი სეფისკვერი ზომით აღემატება იმ სებისკვერებს რომლებსაც მორწმუნეები მოსახსენებლებთან ერთად საკურთხეველში აგზავნიან და როგორც წესი თითოეულ მოსახსენებელზე იგზავნება წყვილი სებისკვერი: ერთი ღვთისმშობლისა - ცოცხლებზე და მეორე ჯვარი - მიცვალებულებზე.

წირვის დაწყების წინ მღვდელი იკეთებს ოლარს, დადგება დახურული აღსავლის კარის წინ ამბიონზე და კითხულობს ე.წ. “შემთხვევის ლოცვებს”; შემდეგ შედის საკურთხეველში, იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით, იბანს ხელებს, რაც მის სულიერ სიწმიდესა და მზადყოფნას გამოხატავს წმ. საიდუმლოს შესასრულებლად (ძველად ღვთისმსახურნი ხელებს იბანდნენ წმ. შესაწირავის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადასვენების წინ; ამიტომაცაა, რომ ახლაც მღვდელმთავარი ხელს იბანს “ქერუბიმთას” გალობის დროს, დიდი გამოსვლის წინ). ამის შემდეგ მღვდელი მიუახლოვდება სამკვეთლოს და კვეთისათვის გამზადებული ხუთი სეფისკვერიდან ამოარჩევს საუკეთესოს, რომლიდანაც გარკვეული წესით ამზადებს ტარიგს, – შესაწირავ ძღვენს. ასამაღლებლის შემდეგ აღნიშნულ სეფისკვერზე ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს და წარმოსთქვამს სიტყვებს: “მოსახსენებლად უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა”. ამის შემდეგ იგი ლახვრით სეფისკვერს ჩააჭრის გვერდებს და ამბობს ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: “ვითარცა ცხოვარი კლუად მიიგუარა...” და “ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა...” “სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო”, “ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას”, “რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხოვრება მისი...” (ისაია 53.7-8). შემდეგ ტარიგს ქვევიდან ჯვარის სახედ ჩაჭრის ამ სიტყვებით: “დაიკლვის ტარიგი ღვთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა ცხოვრებისათვის სოფლისა ცხოვნებად”, დაასვენებს ფეშხუმზე, მარჯვნიდან ლახვრით უგმირავს და ამბობს: “ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა ჰსწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი” (იოანე 19.34-35). ამ სიტყვებზე ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს და აკურთხებს შეერთებას.

მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს მოზრდილ ნაწილს ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის სახელზე და მოათავსებს ფეშხუმზე ტარიგის მარჯვენა მხარეს. მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს ცხრა დასის სახელზე, რომელშიც შედიან: იოანე ნათლისმცემელი, წინასწარ-მეტყველნი, მოციქულნი, მღვდელ-მთავარნი, მოწამენი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლონი, ღვთისმშობლის მშობლები და ყოველნი წმინდანნი, და ბასილი დიდი ან იოანე ოქროპირი, ვისი წირვაც იქნება შესასრულებელი. აღნიშნული ცხრა ნაწილი მოთავსდება ტარიგის მარცხენა მხარეს. მეოთხე სეფისკვერიდან მღვდელი ამოიღებს ორ ნაწილს: ერთს პატრიარქისა და მისი დასის სახელზე, ხოლო მეორეს – ღვთივდაცული ერის, მთავრობისა და მხედრობის სახელზე და ათავსებს ტარიგის ქვემოთ. მეხუთე სეფისკვერიდან ამოიღებს ერთ ნაწილს მიცვალებულთათვის. ამით მთავრდება კვეთა და მოიხსენიება როგორც ცოცხალნი, ისე მიცვალებულნი, ამოიღება ნაწილები შემოწირული სეფისკვერიდანაც და მოთავსდება ტარიგის ქვედა მხარეს.

მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, შემოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეშხუმს; ასევე შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ხოლო დიდ დაფარნას – ორივეს. ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვენისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთ, ისევე იმათ, ვისთვისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა.

კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვთ შემდეგი სიმბოლური მნიშვნელოვანი:

ფეშხუმი ნიშნავს ცას, ვარსკვლავი – იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდათ მოგვებს; მცირე დაფარნები ის სახვევებია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესუ იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა – ის ტილოა, რომელშიც იყო შეხვეული იესუს გვამი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე; სამკვეთლო მოასწავებს ბეთლემის ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას, სადაც იგი იქნა ჯვარცმული. მთელი სეფისკვერი რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა, გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესუ ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმიდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიერ დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სული წმიდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ მღვდლის მიერ წმიდა ტარიგის მომზადება გამოხატავს იესუ ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.

  • „გზა ტაძრისაკენ“ ბათუმი, 2009წ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვეთა“-დან
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy