შინაარსზე გადასვლა

ტიტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი
Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus

ტიტუსის ბიუსტი რომის კაპიტოლიუმის მუზეუმიდან
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 23 ივნისი, 79
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი, 81
წინამორბედი: ვესპასიანე
მემკვიდრე: დომიციანე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 დეკემბერი, 39
დაბ. ადგილი: რომი
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 81 (41 წლის)
გარდ. ადგილი: რომი
მეუღლე: არეცინა ტერტულა
შვილები: იულია ფლავია
დინასტია: ფლავიუსები
მამა: ვესპასიანე
დედა: დომიცილა
რომის საიმპერატორო დინასტიები
ფლავიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ვესპასიანე 69-79 წწ.
ტიტუსი 79-81 წწ.
დომიციანე 81-96 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
ოთხი იმპერატორის წელი
მემკვიდრე
ანტონინუსების დინასტია

ტიტუსი (ლათ. Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus;[კომ. 1] დ. 30 დეკემბერი, 39 — გ. 13 სექტემბერი, 81) — რომის იმპერატორი 79-81 წლებში. ფლავიუსების დინასტიის წარმომადგენელი. ტახტზე ავიდა მამამისის, ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, რითაც გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომლის უშუალო წინამორბედიც საკუთარი ბიოლოგიური მამა იყო.

ტიტუსს, რომელიც თავიდანვე მოიაზრებოდა იმპერატორობის კანდიდატად, დიდება სამხედრო კარიერამ მოუტანა. იგი მამასთან ერთად მსახურობდა იუდეაში იუდეველთა ომის დროს. 68 წელს იმპერატორ ნერონის სიკვდილის გამო კამპანია დროებით შეჩერდა. ვესპასიანემ ოთხი იმპერატორის წელს ტახტისათვის დაიწყო ბრძოლა. როდესაც ეს უკანასკნელი 69 წლის 1 ივლისს იმპერატორად გამოაცხადეს, ებრაელთა ამბოხების ჩახშობის მეთაურობა ტიტუსს დაევალა. მანაც 70 წელს ალყის შემდეგ აიღო იერუსალიმი და გაანადგურა ქალაქი და მეორე ტაძარი. ამ მიღწევისათვის იგი ტრიუმფით დაჯილდოვდა. ტიტუსის თაღი სწორედ ამ გამარჯვების საზეიმოდაა აგებული.

ვესპასიანეს მმართველობისას ტიტუსმა სახელი გაიფუჭა, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტად მსახურობდა და სადავო ურთიერთობა ჰქონდა ებრაელ დედოფალ ბერენიკასთან. მიუხედავად მის პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხებისა, ტიტუსი 79 წელს მამამისის გარდაცვალებიდან წარმატებით მართავდა იმპერიას და სვეტონიუსისა და სხვა თანადროული ისტორიკოსებისაგან, როგორც იმპერატორმა, დადებითი შეფასება დაიმსახურა.

როგორც იმპერატორი, იგი ყველაზე მეტად ცნობილია კოლოსეუმის მშენებლობის დასრულებისა და ორი კატასტროფის (ვეზუვის 79 წლის ამოფრქვევა და რომის ხანძარი 80 წელს) მიერ გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისათვის მისი ხელგაშლილობის გამო. ორწლიანი მმართველობის შემდეგ, 81 წლის 13 სექტემბერს ტიტუსი ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. სენატმა იგი ღვთაებათა პანთეონში შეიყვანა. საიმპერატორო ტახტზე ტიტუსი უმცროსმა ძმამ, დომიციანემ შეცვალა.

ცხოვრების ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტუსი დაიბადა რომში, სავარაუდოდ, 39 წლის 30 დეკემბერს. იგი ტიტუს ფლავიუს ვესპასიანუსისა (უმეტესად ცნობილია, როგორც ვესპასიანე) და დომიცილა უფროსის უფროსი ვაჟი იყო.[კომ. 2] ჰყავდა უმცროსი და, დომიცილა უმცროსი (დ. 45 წ.) და უმცროსი ძმა, ტიტუს ფლავიუს დომიციანუსი (დ. 51 წ.), რომელსაც უმეტესწილად დომიციანეს სახელით მოიხსენიებენ.

ტიტუსის მარმარილოს ბიუსტი უტიკიდან, ტუნისი. თარიღდება 79-81 წლებით. ბრიტანეთის მუზეუმი.

ძვ. წ. I საუკუნეში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა დიდად შეუწყო ხელი რომის ძველი არისტოკრატიის დაკნინებას. პირველი საუკუნის დასაწყისში იგი თანდათანობით მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა ახალმა პროვინციულმა ნობელიტეტმა.[1] ერთ-ერთი ასეთი ოჯახი იყო ფლავიას გვარი (gens Flavia), რომელმაც ჩრდილიდან გამოსვლა, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება, ფულისა და სტატუსის მოპოვება სულ რაღაც ოთხ თაობაში, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის იმპერატორების ზეობისას შეძლო. ტიტუსის დიდი პაპა, ტიტუს ფლავიუს პეტრონი კეისრის სამოქალაქო ომის მსვლელობისას პომპეუსთან ცენტურიონად მსახურობდა. მის სამხედრო კარიერას წერტილი იმ შერცხვენამ დაუსვა, რომელიც მან ძვ. წ. 48 წელს ფარსალოსის ბრძოლიდან გაქცევის გამო დაიმსახურა.[2]

მიუხედავად ამისა, პეტრონმა მაინც მოახერხა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება უაღრესად მდიდარ ტერტულაზე დაქორწინებით, რომლის ქონებამაც უზრუნველყო პეტრონის ვაჟისა და ტიტუსის პაპის, ტიტუს ფლავიუს საბინუსის აღმასვლა.[3] საბინუსმა, თავის მხრივ, დააგროვა ქონება და აზიაში გადასახადების ამკრეფად, ჰელვეტიაში კი ბანკირად მსახურობისას, სავარაუდოდ, მხედრის სტატუსიც მოიპოვა. ვესპასია პოლაზე დაქორწინებით იგი დაუკავშირდა ბევრად პრესტიჟულ პატრიციულ ვესპასიას გვარს (gens Vespasia), რამაც განაპირობა მისი ვაჟების, ტიტუს ფლავიუს საბინუსისა და ვესპასიანეს სენატორულ რანგამდე აღზევება.[3]

ვესპასიანეს პოლიტიკური კარიერა მოითვლიდა კვესტორის, ედილისა და პრეტორის თანამდებობებს, ამ ყოველივეს დაგვირგვინებას კი 51 წელს მისი გაკონსულება წარმოადგენდა. მისი კონსულობის წელს დაემთხვა დომიციანეს დაბადება. როგორც სამხედრო მეთაურმა, მან ადრევე მოიპოვა სახელი 43 წელს ბრიტანეთში შეჭრაში მონაწილეობით.[4] ტიტუსის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ ბევრი არაფერია ჩვენთვის ცნობილი. აქამდე მოღწეული ინფორმაციაც სვეტონიუსის ნაშრომია, რომელიც გადმოგვცემს, რომ მომავალი იმპერატორი საიმპერატორო კარზე, ბრიტანიკუსთან, კლავდიუსის ვაჟთან ერთად აღიზარდა.[5]

გადმოცემა იმასაც კი გვამცნობს, რომ „ის სასმელი, რომლისგანაც ბრიტანიკუსი დაიღუპა და იქვე იდგა, ტიტუსმაც გასინჯა“.[5] მისი განათლების შესახებ დამატებითი ცნობები არასაკმარისია, თუმცა, როგორც ჩანს, მან ადრევე გამოავლინა მიდრეკილება სამხედრო ხელოვნებისადმი და ნიჭიერი პოეტი და ორატორი იყო როგორც ბერძნულ, ისე ლათინურ ენაში.[6]

57-დან 59 წლამდე ტიტუსი გერმანიაში სამხედრო ტრიბუნი იყო. იგი, აგრეთვე, რომაულ ბრიტანეთშიც მსახურობდა, სადაც შესაძლოა 60 წლისათვის ჩასულიყო დამხმარე ძალასთან ერთად, რომელიც ბოუდიკას აჯანყების გამო გახდა საჭირო. 63 წლისათვის იგი რომში დაბრუნდა და დაქორწინდა არეცინა ტერტულაზე, პრეტორიანელთა გვარდიის ყოფილი პრეფექტის ქალიშვილზე. ტერტულა 65 წლისათვის გარდაიცვალა.[7]

ამის შემდეგ ტიტუსი მეორედ დაქორწინდა. მისი ახალი ცოლი, მარცია ფურნილა, ბევრად უფრო სახელგანთქმული ოჯახიდან იყო, თუმცაღა ახლო კავშირი ჰქონდა იმპერატორ ნერონის მოწინააღმდეგეებთან. ფურნილას ბიძა, ბარეა სორანუსი და ამ უკანასკნელის ქალიშვილი, სერვილია, 65 წლის პიზონის წარუმატებელ შეთქმულებას შეეწირნენ.[8] ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი აყალიბებს მოსაზრებას, რომ ტიტუსი ცოლს მისი ოჯახის შეთქმულებასთან კავშირის გამო გაშორდა.[9][10]

მომავალი იმპერატორი ხელახლა აღარ დაქორწინებულა. როგროც ჩანს, მას მრავალი ქალიშვილი ჰყავდა,[11] რომელთაგან სულ ცოტა ერთი მაინც მარცია ფურნილასაგან.[12] ერთადერთი, რომელმაც ზრდასრულ ასაკამდე იცოცხლა, იულია ფლავია იყო. შესაძლებელია, იგი ტიტუსს არეცინასგან ჰყოლოდა, რომლის დედასაც ასევე იულია ერქვა.[13] ამ პერიოდისათვის ტიტუსი პრაქტიკულად ვარჯიშობდა სამართალში და კვესტორის თანამდებობასაც მიაღწია.[12]

იუდეის პროვინცია I საუკუნეში.

66 წელს იუდეის პროვინციაში რომის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. ამავე წელს ამბოხებულებმა ბეთ-ჰორონის ბრძოლაში დაამარცხეს სირიის ლეგატი გაიუს ცესტიუს გალუსი[14] და აიძულეს იგი იერუსალიმიდან უკან დაეხია.[15] პრო-რომაული ორიენტაციის მქონე მეფე აგრიპა II და მისი და ბერენიკა ქალაქ გალილეაში გაიქცნენ, სადაც მოგვიანებით რომაელებს ჩაბარდნენ.[16]

იმპერატორმა ნერონმა აჯანყების ჩახშობა ვესპასიანეს დაავალა. იგი დაუყოვნებლივ გაგზავნეს რეგიონში მეხუთე და მეათე ლეგიონებთან ერთად.[16] მოგვიანებით, პტოლემაისთან მას ტიტუსიც შეუერთდა მეთხუთმეტე ლეგიონთან ერთად.[17] რომაელებმა, რომელთა არმიაც 60 000 პროფესიონალ ჯარისკაცს მოითვლიდა, გადაწყვიტეს გალილეის გასწვრივ გაეწმინდათ გზა და იერუსალიმისაკენ დაძრულიყვნენ.[17]

ომის ისტორია დეტალურად აქვს აღწერილი ებრაული წარმოშობის რომაელ ისტორიკოსს იოსებ ფლავიუსს თავის ნაშრომში იუდეველთა ომები. ფლავიუსი ქალაქ იოდფატის მმართველად მსახურობდა, როდესაც 67 წელს რომის არმია გალილეაში შეიჭრა. 47 დღიანი დამაუძლურებელი ალყის შემდეგ ქალაქი დაეცა. სავარაუდო შეფასებით, მოკლეს 40 000 მცხოვრები.

რამდენიმე ჯგუფურ თვითმკვლელობას გადარჩენილი იოსები ვესპასიანეს დანებდა და პატიმარი გახდა. მოგვიანებით, მან დაწერა, რომ რომაელები მიმდინარე აჯანყების შესახებ ცნობებით მოამარაგა.[18] 68 წლისათვის იუდეის მთელი სანაპირო და ჩრდილოეთი ნაწილი რომის არმიამ დაიპყრო. მან დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა ტარიქეისა და გამალის ბრძოლებში, რომელთა დროსაც ტიტუსმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სარდალმა.[12][19]

ოთხი იმპერატორის წელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რომის იმპერიის რუკა ოთხი იმპერატორის წელს. ლურჯი ფერით აღნიშნულია ვესპასიანესა და გაიუს ლიცინიუს მუციანუსის ერთგული პროვინციები.

უკანასკნელი და ყველაზე გამაგრებული ქალაქი, რომელსაც ამბოხებულები ფლობდნენ იერუსალიმი იყო. ნერონის სიკვდილის ამბავმა კამპანია მოულოდნელად შეაჩერა.[20] თითქმის ამავდროულად რომის სენატმა ესპანეთის მმართველი გალბა იმპერატორად გამოაცხადა. ვესპასიანემ გადაწყვიტა შემდგომ ბრძანებებს დალოდებოდა და ტიტუსი გალბასთან მისასალმებლად გაგზავნა, რათა პატივიც მიეგო ახალი იმპერატორისათვის და მისი ყურადღებაც მიექცია, რადგან ტიტუსი უკვე იმ ასაკში შედიოდა, როდესაც რომაელები სხვადასხვა საპატიო სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდნენ.[21]

იტალიაში ჩასვლამდე ტიტუსმა შეიტყო, რომ გალბა მოკლეს და იმპერატორის ტახტი ლუზიტანიის მმართველმა, ოტონმა დაიკავა, ხოლო ვიტელიუსი გერმანიაში მყოფ თვის არმიასთან ერთად დედაქალაქზე წასასვლელად ემზადებოდა ოტონის ჩამოგდების განზრახვით. რადგანაც არ სურდა ერთ ან მეორე მხარეს მძევლად ჩავარდნოდა, ტიტუსმა რომისაკენ მგზავრობა შეწყვიტა და მამასთან იუდეაში დაბრუნდა.[22] ამასობაში ბედრიაკუმის პირველ ბრძოლაში ოტონი დამარცხდა და თავი მოიკლა.[23]

როდესაც რომში მიმდინარე ამბებმა იუდეისა და ეგვიპტის პროვინციების არმიებამდე მიაღწია, მათ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს და 69 წლის 1 ივლისს ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადეს.[24] ეს უკანასკნელი დათანხმდა და ტიტუსის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საშუალებით შეუკავშირდა გაიუს ლიცინიუს მუციანუსს, სირიის მმართველს.[25] იუდეისა და სირიის ლეგიონებისაგან შემდგარი მძლავრი არმია მუციანუსის მეთაურობით რომისაკენ დაიძრა. ამასობაში ვესპასიანე ალექსანდრიაში მოგზაურობდა, ებრაელთა ამბოხების ჩახშობის მეთაურობა კი ტიტუსს დაავალა.[26][27] 69 წლის ბოლოსთვის ვიტელიუსის ძალები დამარცხდნენ და 21 დეკემბერს სენატმა ვესპასიანე ოფიციალურად გამოაცხადა იმპერატორად. ამით დასრულდა ოთხი იმპერატორის წელიც.[28]

იერუსალიმის ტაძრის განადგურება, ფრანჩესკო ჰაიეცი, ზეთი და ტილო, 1867. ნახატზე ასახულია რომაული არმიის მიერ მეორე ტაძრის დანგრევა და ძარცვა.

ამასობაში თავად იერუსალიმში გამაგრებულ ამბოხებულებს შორის დაიწყო სამოქალაქო ომი, რამაც მათი მრავალ დაჯგუფებად გაყოფა გამოიწვია. სიკარიუსებმა მენაჰემ ბენ-იუდას მეთაურობით დიდხანს გაძლეს, ზელოტები კი ელეაზარ ბენ-სიმონის მეთაურობით, საბოლოოდ, გალილეელი ლიდერის, იოანე გისკალელის გავლენის ქვეშ მოექცნენ. კიდევ ერთმა ჩრდილოელმა მეამბოხემ, სიმონ ბენ-გიორამ შეძლო ედომელებზე კონტროლის მოპოვება.[29] ტიტუსმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს. რომის არმიას შეუერთდა მეთორმეტე ლეგიონი, რომელიც მანამდე ცესტიუს გალუსის მეთაურობის ქვეშ დაამარცხეს აჯანყებულებმა. აგრეთვე, ვესპასიანემ ალექსანდრიიდან გამოგზავნა ტიბერიუს იულიუს ალექსანდრე, ეგვიპტის მმართველი, რომელსაც ტიტუსის თანაშემწის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.[30]

ტიტუსმა ქალაქს ალყა შემოარტყა დასავლეთიდან სამი (V; XII და XV) და აღმოსავლეთიდან, ზეთისხილის მთიდან ერთი (X) ლეგიონით. მან მიზნად დაისახა მაცხოვრებელთა საკვებისა და წყლის მარაგების განადგურება, რისთვისაც პილიგრიმებს ნებას რთავდა ქალაქში შესულიყვნენ პასექის აღსანიშნავად, თუმცა შემდეგ უკან გამოსვლის უფლებას აღარ აძლევდა. ებრაელთა თავდასხმები გამუდმებით აწუხებდა რომაელებს. ერთ-ერთი ამგვარი იერიშის დროს ტიტუსი კინაღამ ტყვედაც კი ჩავარდა.[31]

მას შემდეგ, რაც მოალყეებთან მოლაპარაკების იოსებისეული მცდელობები მარცხით დასრულდა, რომაელებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები და მალევე შეძლეს ქალაქის პირველი და მეორე კედლის გარღვევა.[32] მოწინააღმდეგის დასაშინებლად ტიტუსმა ბრძანება გასცა ებრაელი დეზერტირები კედლის ირგვლივ ჯვრებზე გაეკრათ.[33] ამ დროისათვის ებრაელები შიმშილით ძლიერ იყვნენ დაუძლურებულები და როდესაც რომაელებმა სუსტი მესამე კედელიც შეანგრიეს, ქუჩებში სასტიკი ბრძოლები დაიწყო.[34]

რომაელებმა, საბოლოოდ, დაიკავეს ანტონიას ციხე და ტაძრის კარიბჭეებზე პირდაპირი იერიშები დაიწყეს.[35] ტიტუსი აშკარად ისწრაფვოდა რომ იუდაიზმი, როგროც რელიგია, გაენადგურებინა. მან მოითხოვა ებრაელთა ცხოველების გაჟლეტა, მამაკაცების დახოცვა, ქალების გაუპატიურება, ბავშვების დამონება და მათი ღმერთის მოკვლა. როდესაც მან საბოლოოდ შეაღწია კედლებში, მისმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ყველაზე — კაცებზე, ქალებზე, ბავშვებზე. რომაელებმა ამბოხებულთა დევნისას გაიარეს ზედა და ქვედა ქალაქი, სანამ არ მიაღწიეს ტაძარს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს და ფერფლად აქციეს. მას შემდეგ, რაც ხანძარმა იკლო, ტიტუსმა გასცა ბრძანება მიწასთან გაესწორებინათ ისიც, რაც ქალაქიდან დარჩა. იმ მიზნით, რომ აღარავის ხსომებოდა სახელი იერუსალიმი.[36] ტაძარი დაანგრიეს, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ტიტუსი გამარჯვებისათვის პატივის მისაგებად იმპერატორად გამოაცხადეს.[37]

იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, მისი მოსახლეობის უმეტესობა კი დახოცეს ან გადაასახლეს. იოსებ ფლავიუსი ამტკიცებს, რომ ალყას 1 100 000 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან უმეტესობა ებრაელი იყო.[38] 97 000 დაატყვევეს და მონებად აქციეს. მათ შორის იყვენენ სიმონ ბენ-გიორა და იოანე ჯიში.[38] მრავალი ებრაელი ხმელთაშუაზღვისპირეთში გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ტიტუსმა უარი თქვა გამარჯვების გვირგვინის მიღებაზე და ამტკიცებდა, რომ მას გამარჯვება თავად კი არ მოუპოვებია, არამედ უბრალოდ ინსტრუმენტი იყო, რომლის საშუალებითაც მათმა ღმერთმა თავისი რისხვა გამოავლინა ებრაელი ხალხის მიმართ.[39]

იოსებ ფლავიუსის მიხედვით, ტაძრის განადგურების მომენტისათვის ებრაელთა დიასპორა არსებობდა პართიაში (ირანი), ბაბილონში (ერაყი), არაბეთში, აგრეთვე, ზოგიერთი მათგანი ცხოვრობდა ევფრატს მიღმა და ადიაბენეში (ქურთისტანი).[40]

ვესპასიანეს მემკვიდრე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიტუსის ტრიუმფი იუდეველთა ომის შემდეგ რომში ტიტუსის თაღით აღნიშნეს. მასზე გსამოსახულია ტაძრიდან მოტაცებული საგანძური, მათ შორის მენორა და იერიქონის საყვირები.
პოლიკლეიტოსის დორიფოროსის მიხედვით შექმნილი ტიტუსის ქანდაკება. 79-81 წწ. ვატიკანის მუზეუმები.

რადგანაც ზამთარში იტალიაში გამგზავრება ვერ შეძლო, ტიტუსმა კესარია მარიტიმასა და ბერიტუსში თამაშები გამართა, შემდეგ კი ევფრატზე მდებარე ზეუგმაში გაემგზავრა, სადაც იგი პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა გვირგვინით დაასაჩუქრა. ანტიოქიაში სტუმრობისას ტიტუსმა ქალაქში ებრაელთა ტრადიციული უფლებები დაადასტურა.[41]

ალექსადრიისაკენ მიმავალ გზაზე იგი მემფისში შეჩერდა რათა პატივი მიეგო ღვთაებრივი ხარი აპისისათვის. სვეტონიუსის თანახმად, ამან ერთგვარი შიში გამოიწვია: ცერემონია ტიტუსის მიერ გვირგვინის ტარებას საჭიროებდა, რომაელები კი ამ ნივთს მონარქიასთან აკავშირებდნენ; ტიტუსის ლეგიონების მიმდევრებს კი უკვე აწუხებდათ შიში, რომ იგი შესაძლოა მამის წინააღმდეგ აჯანყებულიყო. ტიტუსი სწრაფად დაბრუნდა რომში, რაც, როგორც სვეტონიუსი ამბობს, მის ქცევასთან დაკავშირებით გაჩენილი ჭორების გაქარწყლებას ემსახურებოდა.[42]

71 წელს რომში ჩასვლის შემდეგ ტიტუსი ტრიუმფით დაჯილდოვდა.[43] ვესპასიანესა და დომიციანეს თანხლებით იგი ქალაქში შევიდა და უხვი მსვლელობით, რომელიც ომში მოპოვებულ საგანძურსა და ტყვეებს მოიცავდა, ენთუზიაზმით მიესალმა რომის მოსახლეობას. როგორც იოსებ ფლავიუსი აღწერს, პროცესიისას გზაზე დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი გაატარეს, რასაც მიჰყვებოდნენ ებრაელი ტყვეები და ბოლოს, იერუსალიმის ტაძრის საგანძური მენორასა და თორას ჩათვლით.[44] სიმონ ბენ-გიორა რომის ფორუმზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც იუპიტერის ტაძართან რელიგიური მსხვერპლშეწირვების შემდეგ პროცესია დასრულდა.[45][46] ტიტუსის თაღი, რომელიც ფორუმის ერთ-ერთ შესასვლელში დგას, მისი გამარჯვების ხსოვნას უკვდავყოფს.[47]

მას შემდეგ, რაც ვესპასიანე იმპერატორად გამოცხადდა, ტიტუსმა და მისმა ძმამ, დომიციანემ, სენატისაგან კეისრის ტიტულები მიიღეს.[48] გარდა იმისა, რომ მამასთან ტრიბუნის ხელისუფლებას იყოფდა, ტიტუსი ვესპასიანეს ზეობის პერიოდში შვიდჯერ იყო რომის კონსული[49][50] და მამამისის თანაშემწის როლსაც ასრულებდა, როდესაც სენატში მისი სახელით გამოდიოდა.[49] რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, იგი პრეტორიანელების პრეფექტად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან იმპერატორის მიმართ მათი ერთგულება უზრუნველყო და კიდევ უფრო გაამყარა ვესპასიანეს, როგორც კანონიერი მმართველის მდგომარეობა.[კომ. 3][49]

ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან მნიშვნელოვნად გაიტეხა სახელი რომში, რამდენადაც ხშირად გასცემდა ხოლმე შეთქმულებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილთა სიკვდილით დასჯის ბრძანებებს.[49] როდესაც 79 წელს გამოაშკარავდა ავლუს ცეცინია ალიენუსისა და ეპირუს მარცელუსის გეგმა ვესპასიანეს ტახტიდან ჩამოგდებასთან დაკავშირებით, ტიტუსმა ალიენუსი სადილზე მოიწვია და სანამ ეს უკანასკნელი ოთახს დატოვებდა მისი მოკვლა ბრძანა.[49][51][50]

იუდეველთა ომის დროს ტიტუსმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ბერენიკასთან, აგრიპა II-ის დასთან.[22] ჰეროდეები ამბოხების დროს რომაელებთან თანამშრომლობდნენ, ბერენიკა კი პირადად უჭერდა მხარს ვესპასიანეს მის კამპანიაში, რომ იმპერატორი გამხდარიყო.[52] 75 წელს იგი ტიტუსთან დაბრუნდა და მასთან ერთად ღიად ცხოვრობდა სასახლეში, როგორც მისი ცოლი. რომაელები უფრთხოდნენ აღმოსავლელ დედოფალს და გმობდნენ მათ ურთიერთობას.[53] როდესაც ცინიკოსებმა თეატრში საჯაროდ გაკიცხეს წყვილი, ტიტუსი წნეხის ქვეშ მოექცა და იძულებული გახდა ბერენიკა გაეშვა,[54] თუმცა მის სახელი კვლავ შეიბღალა.

რომაული დენარიუსი ტიტუსის გამოსახულებით. დაახლ. 79 წ. რევერსზე ასახულია მისი ტრიუმფის ზეიმი იუდეველთა ომში გამარჯვების გამო.

ვესპასიანე 79 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.[55] ტიტუსმა მყისვე დაიკავა მამის თანამდებობა.[56] მისი მრავალი (სავარაუდო) ნაკლის გათვალისწინებით, ბევრ რომაელს ეშინოდა, რომ იგი შეიძლებოდა მეორე ნერონი გამხდარიყო.[57] ამ მოლოდინების საპირისპიროდ, ტიტუსმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი იმპერატორი იყო და მოსახლეობამაც დიდად შეიყვარა, რომელმაც ხოტბა შეასხა მას, როდესაც დაინახა, რომ მანკიერებების ნაცვლად დიდებულ ღირსებებს ფლობდა.[57][50]

იმპერატორის რანგში გამოცემული პირველი განკარგულებებიდან ერთ-ერთი ეხებოდა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებაზე დაფუძნებული სასამართლო პროცესების შეწყვეტას,[58] რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პრინციპატის „შავ ჭირს“ წარმოადგენდა. სახელმწიფოს ღალატის ან უდიდებულესობის კანონი თავდაპირველად, იმ მიზნით შეიქმნა, რომ სასამართლო წესით ედევნა ისინი, ვინც უკანონოდ ვნებას აყენებდა რომის ხალხსა და უდიდებულესობას რაიმე სახის რევოლუციური ქმედებით.[59] თუმცაღა, ავგუსტუსის დროს, ეს ჩვეულება განახლადა და ცილისწამების საკითხსაც დაუკავშირდა.[59] ამან გზა მისცა ტიბერიუსის, კალიგულასა და ნერონის მმართველობის პერიოდებში უამრავ სასამართლო პროცესსა და სიკვდილით დასჯას და ჩამოაყალიბა დამსმენთა ქსელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ატერორებდა რომის პოლიტიკურ სისტემას.[58]

ტიტუსმა ამ პრაქტიკას წერტილი დაუსვა და განაცხადა:

შეუძლებელია ვინმემ დამამციროს ან შეურაცხყოფა მომაყენოს, რადგან გასაკიცხს არაფერს ჩავდივარ, შეთხზული ამბები და ჭორები კი არ მედარდება. რაც შეეხება გარდაცვლილ იმპერატორებს, ვინაიდან ისინი მართლაც ნაზიარებნი არიან ღმერთებს და აქვთ გარკვეული ძალაუფლება, თავადვე იძიებენ შურს საკუთარი თავისათვის, თუკი მათ ვინმე უსამართლოდ მოექცევა.[60]

შედეგად, მისი მმართველობის პერიოდში არც ერთი სენატორი სიკვდილით არ დაუსჯიათ;[60] ამგვარად მან შეასრულა თავისი პირობა, რომ პონტიფექს მაქსიმუსის თანამდებობას იმ მიზნით დაიკავებდა, რომ ხელები სუფთა ჰქონოდა.[61] დამსმენები საჯაროდ გაასამართლეს და ქალაქიდან გააძევეს.[62] უფრო მეტიც, სამუდამოდ რომ აღეკვეთა მსგავსი ხელყოფა, სხვა დადგენილებათა შორის აკრძალა ერთი და იმავე საქმის განხილვა რამდენიმე კანონით.[58] ბოლოს კი, როდესაც ბერენიკა რომში დაბრუნდა, ტიტუსმა იგი ქალაქიდან დაითხოვა.[57]

როგორც იმპერატორი, იგი ცნობილი გახდა თავისი ხელგაშლილობით. სვეტონიუსი გადმოგვცემს, რომ როდესაც ერთხელ, სადილზე გაიხსენა, რომ მთელი დღე არავისთვის გაეკეთებინა კარგი, მაშინ წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული სიტყვები, სამახსოვრო და ღირსსაცნობარი: „მეგობრებო, დღევანდელი დღე დავკარგე!“[58][62]

ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ 79 წელს მთლიანად გაანადგურა პომპეი და ჰერკულანუმი. დღესდღეობით, გათხრებისას აღმოჩენილ მსხვერპლთა თაბაშირის ასლები ზოგიერთ ნანგრევშია გამოფენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა ხასიათდება ფართომასშტაბიანი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტების შედარებითი არარსებობით, თავისი ხანმოკლე ზეობისას ტიტუსს რამდენიმე კატასტროფასთან მოუწია გამკლავება. 79 წლის 24 აგვისტოს, მისი ტახტზე ასვლიდან ორი თვის შემდეგ, ამოიფრქვა ვულკანი ვეზუვი.[63] ამოფრქვევამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ნეაპოლის ყურის ირგვლივ მდებარე ქალაქები და კურორტები. ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი მეტრობით სისქის ქვისა და ლავის ფენებში ჩაიმარხნენ,[64] რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა.[კომ. 4] ტიტუსმა დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებისა და წარმართვისათვის ორი ყოფილი კონსული დანიშნა, თავად კი პირადად გაიღო დიდძალი თანხა საიმპერატორო ხაზინიდან ვულკანის მსხვერპლთა დასახმარებლად.[58] გარდა ამისა, ამოფრქვევის შემდეგ იგი პირადად ჩავიდა პომპეიში და კიდევ ერთხელ მომდევნო წელს.[65]

მეორე ვიზიტისას, 80 წლის გაზაფხულზე, რომში ხანძარმა იფეთქა, რომელიც სამი დღე და ღამე მძვინვარებდა. ცეცხლმა ქალაქის დიდი ნაწილი გადაწვა.[58][65] მიუხედავად ამისა, ზარალი არ იყო იმდენად კატასტროფული, როგორც 64 წლის დიდი ხანძრის დროს. თუმცა ინსულების მრავალი უბანი გადარჩა, დიონ კასიუსი საუბრობს მნიშვნელოვანი საჯარო შენობების გრძელ სიაზე, რომლებიც ხანძარმა გაანადგურა, მათ შორისაა აგრიპას პანთეონი, იუპიტერის ტაძარი, დირიბიტორიუმი, პომპეუსის თეატრის ნაწილები და სეპტა იულია.[65] ტიტუსმა ამჯერადაც პირადად გაიღო თანხა დაზარალებული რეგიონებისათვის.[კომ. 5][65] სვეტონიუსის მიხედვით, ხანძრის დროს გაჩნდა შავი ჭირიც,[58] თუმცაღა დაავადების ბუნება ან გარდაცვლილთა რაოდენობა უცნობია.

ამასობაში, ომი განახლდა ბრიტანეთში, სადაც გნეუს იულიუს აგრიოკლა ღრმად შეიჭრა კალედონიაში და იქ რამდენიმე სიმაგრის დაარსებაც მოახერხა.[66] ამ ქმედებათა გამო ტიტუსმა მეთხუთმეტედ მიიღო იმპერატორის ტიტული.[67]

ტიტუსის მმართველობის დროს მოხდა ტერენციუს მაქსიმუსის აჯანყებაც, რომელიც ერთ-ერთი იყო რამდენიმე ცრუ ნერონს შორის, რომლებიც 70-იან წლებში გამოჩნდნენ.[68] მიუხედავად იმისა, რომ ნერონი უპირველესად ცნობილია, როგორც საყოველთაოდ საძულველი პიროვნება, არსებობს იმის გარკვეული მტკიცებულებაც, რომ თავისი მმართველობის უმეტესი დროის განმავლობაში იგი აღმოსავლეთის პროვინციებში დიდად პოპულარული იყო. ცნობები იმის შესახებ, რომ იგი, რეალურად, გადაურჩა დამხობას, განპირობებული იყო მისი სიკვდილის ბუნდოვანი გარემოებებითა და რამდენიმე წინასწარმეტყველის მიერ მისი დაბრუნების წინასწარმეტყველებით.[69]

დიონ კასიუსის მიხედვით, ტერენციუს მაქსიმუსი ხმითა და გარეგნობით ნერონს ჰგავდა და მის მსგავსად, ლირაზე უკრავდა.[60] ტერენციუსმა მომხრეები მცირე აზიაში შეკრიბა, თუმცა მალევე იძულებული გახდა ევფრატს მიღმა გაქცეულიყო და თავშესაფარი პართიელებთან მიეღო.[60][68] გარდა ამისა, როგორც წყაროები აცხადებენ, ტიტუსმა შეიტყო, რომ უმცროსი ძმა, დომიციანე, შეთქმულებას უწობდა, თუმცა უარი თქვა მის მოკვლაზე ან გაძევებაზე.[61][70]

ფლავიუსების ამფითეატრი, უფრო ცნობილია, როგორც კოლოსეუმი, ათწლიანი მშენებლობის შემდეგ, ტიტუსის მმართველობის პერიოდში დასრულდა და გაიხსნა შთამბეჭდავი თამაშებით, რომლებიც 100 დღე გაგრძელდა.

ფლავიუსების ამფითეატრის მშენებლობა, რომელიც უმეტესად, კოლოსეუმის სახელითაა ცნობილი, 70 წელს, ვესპასიანეს ზეობისას დაიწყო და საბოლოოდ, 80 წელს, ტიტუსის მმართველობისას დასრულდა.[71] გარდა იმისა, რომ რომის მოსახლეობას შთამბეჭდავი გართობით უზრუნველყოფდა, შენობა იუდეველთა ომის პერიოდში ფლავიუსების სამხედრო მიღწევების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებულ გიგანტურ მონუმენტსაც წარმოადგენდა.[72]

გახსნის თამაშები 100 დღე გაგრძელდა და როგორც ამბობდნენ, უაღრესად დატვირთული და მკაცრად ორგანიზებული იყო. იგი მოიცავდა გლადიატორთა ბრძოლებს, გარეული ცხოველების (სპილოები და წეროები) ბრძოლებს, საზღვაო ბრძოლის მოდელირებებს (რისთვისაც თეატრს ტბორავდნენ), ცხენებითა და ეტლებით რბოლებს.[73] თამაშების დროს, მაყურებლებში აგდებდნენ ხის ბურთებს, რომლებზეც ეწერა სხვადასხვა პრიზი (ტანსაცმელი, ოქრო, მონებიც კი). ამ ბურთებით შემდეგ შეიძლებოდა აღნიშნული პრიზების მსგავსად ევაჭრათ.[73]

ტიტუსმა, აგრეთვე, ამფითეატრის მომიჯნავედ, ნერონის ოქროს სახლის მიდამოებში, ახალი საჯარო აბანოს, ტიტუსის აბანოების აშენება ბრძანა.[73] ამ ნაგებობის მშენებლობა ნაჩქარევად დასრულდა, რათა დამთხვეოდა ფლავიუსების ამფითეატრის დამთავრებას.[57]

ტიტუსმა განაახლა საიმპერატორო კულტის ტრადიცია, თუმცა იგი აშკარა სირთულეებს გადააწყდა, რამდენადაც ვესპასიანე სიკვდილიდან ექვსი თვის გასვლამდე არ გაუღმერთებიათ.[კომ. 6] ფლავიუსების დინასტიის კიდევ უფრო განსადიდებლად, საფუძველი ჩაეყარა ვესპასიანესა და ტიტუსის ტაძარს, რომელიც დომიციანეს დროს დასრულდა.[74][75]

ტიტუსის მარმარილოს ქანდაკება, რომელიც ლატერანის ბაპტისტერიუმის მახლობლადაა ნაპოვნი. ვატიკანის მუზეუმები.

თამაშების დახურვისას ტიტუსმა ოფიციალურად გადასცა ხალხს ამფითეატრი და აბანოები, რაც მისი უკანასკნელი ქმედება იყო იმპერატორის რანგში.[70] სანახაობათა დასრულების შემდეგ იგი საბინების მიწებისაკენ გაემართა, მაგრამ პირველივე საფოსტო სადგურზე ავად გახდა,[76] სადაც გარდაიცვალა კიდევაც ციებ-ცხელებით, გადმოცემის მიხედვით, იმავე აგარაკზე, სადაც მამამისი.[77] როგორც ამტკიცებდნენ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ერთის გარდა არც ერთი შეცდომა არ დამიშვია“.[70][76]

ტიტუსი იმპერიას ორ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. 79 წელს მამამისის გარდაცვალებიდან 81 წლის 13 სექტემბერს საკუთარ სიკვდილამდე.[70] საიმპერატორო ტახტზე იგი ძმამ, დომიციანემ შეცვალა, რომლის პირველი ქმედებაც ამ თანამდებობაზე ძმის გაღმერთება იყო.[78]

ისტორიკოსები დავობენ იმის შესახებ, თუ რა იყო ტიტუსის სიკვდილის ზუსტი ბუნება და რომელ შეცდომას გულისხმობდა იგი თავის უკანასკნელ სიტყვებში. ფილოსტრატუსი წერს, რომ იგი დომიციანემ მოწამლა ზღვის კურდღლის (Aplysia depilans) საშუალებით და რომ ძმის სიკვდილი მას აპოლონიოს ტიანელმა უწინასწარმეტყველა.[79] სვეტონიუსი და დიონ კასიუსი მხარს ტიტუსის სიკვდილის ბუნებრივ მიზეზებს უჭერენ, თუმცა ორივე ბრალს სდებს დომიციანეს ავადმყოფი ძმის სასიკვდილოდ დატოვებაში.[70][78] ამიტომაც, დიონ კასიუსი მიიჩნევს, რომ ტიტუსის მიერ აღნიშნული შეცდომა ეხებოდა იმ ფაქტს, რომ მან სიკვდილით არ დასაჯა დომიციანე, როდესაც გამოაშკარავდა, რომ იგი ღიად გეგმავდა შეთქმულებას მის წინააღმდეგ.[70]

ბაბილონური თალმუდი ტიტუსის სიკვდილს მიაწერს მწერს, რომელიც იმპერატორს ცხვირში შეუფრინდა, ტვინამდე მიაღწია და შვიდი წელი ამ მდგომარეობაში იყო. ეს ამბავი გადმოცემულია სხვა ლეგენდის გამეორებით, რომელიც ბიბლიურ მეფე ნებროთს შეეხება.[80][81]

ტიტუსის თაღი დგას ვია საკრაზე, რომის ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ტიტუსის მარმარილოს ქანდაკება. I საუკუნის ბოლო. ლუვრი, პარიზი.

ანტიკური პერიოდის ისტორიკოსთა ნაშრომებში ტიტუსს უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია, რამდენადაც ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იმპერატორია. ყველა შემორჩენილ ნაშრომში, რომელთაგან ბევრი მისი თანამედროვეების მიერაა დაწერილი, აშკარად იკვეთება მეტად კეთილგანწყობილი პოზიცია მის მიმართ. ტიტუსის პიროვნება განსაკუთრებით განდიდებულია მისივე ძმასთან, დომიციანესთან შედარებისას.

იუდეველთა ომები გვთავაზობს თვითმხილველი მოწმის ცნობებს ებრაელთა აჯანყებისა და ტიტუსის პიროვნების შესახებ, თუმცაღა იოსებ ფლავიუსის ნაშრომების ნეიტრალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენადაც იგი ფლავიუსების მიერ დიდად დავალებული იყო. 71 წელს იგი ტიტუსთან ერთად ჩავიდა რომში, გახდა რომის მოქალაქე და მიიღო რომაული ნომენი ფლავიუსი და პრენომენი ტიტუსი თავისი ბატონებისაგან. ფლავიუსმა ყოველწლიური პენსიაც მიიღო და სასახლეში ცხოვრობდა.[82]

სწორედ რომში, ფლავიუსების მფარველობაში დაწერა იოსებ ფლავიუსმა ყველა თავისი ცნობილი ნაშრომი. იუდეველთა ომები ამბოხების მეთაურთა მიმართ აშკარად ტენდენციურადაა მიმართული; იგი აჯანყებას სუსტად და არაორგანიზებულად წარმოაჩენს და ებრაელებს ომის გამოწვევაშიც კი ადანაშაულებს.[83] ფლავიუსის, როგორც ისტორიკოსის სანდოობა მოგვიანებით ეჭვქვეშ დადგა.[84]

ტიტუსის კიდევ ერთი თანამედროვე იყო პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, რომელმაც თავისი საჯარო კარიერა 80 ან 81 წელს დაიწყო და დაწინაურებას ფლავიუსების დინასტიას უმადლის.[85] ისტორია, მისი ნაშრომი ამ პერიოდის შესახებ, ტრაიანეს დროს გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, მისი ნაშრომის მხოლოდ პირველი ხუთი წიგნია დღემდე შემორჩენილი, ტექსტი ტიტუსისა და დომიციანეს შესახებ კი მთლიანად დაკარგულია.

სვეტონიუსს ეკუთვნის მოკლე, თუმცა ტიტუსის ზეობისადმი დიდი სიმპათიით განწყობილი ნაშრომი, რომელიც შედის მის თორმეტი კეისრის ცხოვრებაში.[86] იგი ხაზს უსვამს მის სამხედრო მიღწევებსა და სულგრძელობას იმპერატორობის პერიოდში. იმპერატორს იგი მოკლედ ასე ახასიათებს:

ტიტუსი, მემკვიდრე მამის მეტსახელისა, ადამიანთა მოდგმის აღტაცება და სიყვარული, დაჯილდოებული საყოველთაო კეთილგანწყობის მოპოვების განსაკუთრებული ნიჭითა თუ ხელოვნებით; იმპერატორისთვის ეს იოლი არ იყო, რადგან კერძო პირადაც და მამის მმართველობაშიც ადამიანთა არც საყვედურებს გაურბოდა და არც სიძულვილს.[86]

დიონ კასიუსმა ტიტუსის გარდაცვალებიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ დაწერა თავისი რომის ისტორია. იგი იზიარებს სვეტონიუსის შეხედულებებს და არც ისაა გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელს, საერთოდაც, წყაროდ იყენებს.

პლინიუს უფროსმა, რომელიც მოგვიანებით ვეზუვის ამოფრქვევისას გარდაიცვალა,[87] თავისი ბუნების ისტორია ტიტუსს მიუძღვნა.[88]

რომაულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტიტუსის იდეალური პორტრეტის საპირისპიროდ, ებრაელთა მეხსიერებაში „უკეთური ტიტუსი“ დარჩა, როგორც ბოროტი მჩაგვრელი და ტაძრის დამანგრეველი. მაგალითად, ბაბილონური თალმუდის ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სანამ ანგრევდნენ, ტიტუსს ტაძარში, თორას გრაგნილზე მეძავთან სქესობრივი აქტი ჰქონდა.[89]

ტიტუსი გვიანდელ ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიტუსის ტრიუმფი, ლოურენს ალმა-ტადემა (1885 წ.). კომპოზიცია მიანიშნებს ტიტუსსა და მისი ძმისცოლის, დომიცია ლონგინას შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე (იხილეთ ქვემოთ).

იუდეველთა ომი და ტიტუსის ცხოვრება, განსაკუთრებით კი მისი ურთიერთობა ბერენიკასთან, საუკუნეთა განმავლობაში წარმოადგენდა მხატვრებისა და მწერლების შთაგონების წყაროს. ტიტუსის თაღზე გამოსახული ბარელიეფი გავლენას ახდენდა იერუსალიმის განადგურების სცენებზე, ხოლო მენორა, ჩვეულებრივ, მეორე ტაძრის ძარცვის სიმბოლოდ გამოიყენება.

ქვემოთ ჩამოთვლილია იმ ლიტერატურულ ნაწარმოებთა არასრული სია, რომელიც დაკავშირებულია ტიტუსის პიროვნებასთან.

  • ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტექსტი Vindicta Salvatoris ანაქრონისტულად წარმოაჩენს ტიტუსს, როგორც ლიბიის რომის ვასალ მეფეს ჩრდილოეთ იუდაში.[90]
  • ბერენიკე (Bérénice)ჟან რასინის პიესა (1670), რომელიც ფოკუსირებულია ტიტუსისა და ბერენიკას სასიყვარულო ურთიერთობაზე.
  • ტიტე და ბერენიკე (Tite et Bérénice)პიერ კორნელის პიესა, რომელიც იმავე წელს რასინის ეჯიბრებოდა და იგივე საკითხზეა ორიენტირებული.
  • ტიტუსის ლმობიერება (La clemenza di Tito)მოცარტის ოპერა, რომელშიც გადმოცემულია ვიტელიას, იმპერატორ ვიტელიუსის ასულის მიერ წაქეზებული ტიტუსის მოსაკლავად მოწყობილი შეთქმულება, რომელმაც მას დედოფლის კანონიერი ადგილი უნდა მოუტანოს.
  • ლაიონ ფოიხტვანგერის იოსების ტრილოგია აღწერს იოსებ ფლავიუსის ცხოვრებას და მის ურთიერთობას ფლავიუსების დინასტიასთან.
    • Der jüdische Krieg (იოსები), 1932
    • Die Söhne (რომის ებრაელები), 1935
    • Der Tag wird kommen (ის დღეც დადგება, იოსები და იმპერატორი), 1942
  • მარკუს დიდიუს ფალკონი — რომანები, რომლებშიც მოქმედება ვესპასიანეს მმართველობისას ხდება.
  • ტიტუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰენრი რაიდერ ჰაგარდის რომანში უბიწო მარგალიტი, რომელიც პირველად 1901 წელს გამოქვეყნდა.
  • რომის გამოცანები — საბავშვო წიგნების სერია, რომელშიც მოქმედება ტიტუსის მმართველობისას ხდება.

ნახატებსა და სახვით ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • იერუსალიმის დანგრევა ტიტუსის მიერ, ვილჰელმ ვონ კაულბახი (1846 წ.). ზეთი ტილოზე, 585 x 705 სმ. ახალი პინკოთეკა, მიუნხენი. იერუსალიმის განადგურების ალეგორიული სურათი, რომელიც შთამბეჭდავადაა ცენტრირებული ტიტუსის ფიგურის ირგვლივ.
  • იერუსალიმის ტაძრის დანგრევა და ძარცვა, ნიკოლა პუსენი (1626 წ.). ზეთი ტილოზე, 145.8 x 194 სმ. ისრაელის მუზეუმი, იერუსალიმი. ასახავს მეორე ტაძრის დანგრევასა და ძარცვას რომის არმიის მიერ ტიტუსის მეთაურობით.
  • იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ფრანჩესკო აიეცი (1867 წ.). ზეთი ტილოზე, 183 x 252 სმ. თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ვენეცია. გამოხატავს რომის არმიის მიერ მეორე ტაძრის იერუსალიმის ტაძრის განადგურებასა და ძარცვას.
  • რომის არმიის მიერ იერუსალიმის ალყა და დანგრევა ტიტუსის მეთაურობით, დეივიდ რობერტსი (1850 წ.). ზეთი ტილოზე, 136 x 197 სმ. კერძო კოლექცია. ნახატზე გამოსახულია რომის არმიის მიერ იერუსალიმის გადაწვა და ძარცვა ტიტუსის მეთაურობით.
  • ტიტუსისა და ვესპასიანეს ტრიუმფი, ჯულიო რომანო (1540 წ.). ზეთი ხეზე, 170 x 120 სმ. ლუვრი, პარიზი. ნახატზე გამოსახულნი არიან ტიტუსი და ვესპასიანე, რომლებიც რომში შედიან ტრიუმფალური ეტლით. მათ წინ მიუძღვით მსვლელობა იუდეველთა ომში მოპოვებული ნადავლითურთ. ნახატი ანაქრონისტულად გამოსახავს ტიტუსის თაღს, რომლის მშენებლობაც მხოლოდ დომიციანეს მმართველობისას დასრულდა.
  • ტიტუსის ტრიუმფი, ლოურენს ალმა-ტადემა (1885 წ.). ზეთი ტილოზე. კერძო კოლექცია. ნახატი ასახავს ტიტუსისა და მისი ოჯახის ტრიუმფალურ მსვლელობას. ალმა-ტადემა ცნობილი იყო ანტიკური პერიოდის სამყაროს დაწვრილმანებული კვლევით.[91] პონტიფექს მაქსიმუსის სამოსში გამოწყობილი ვესპასიანე ოჯახს წინ მიუძღვის. მას უკან მიჰყვება დომიციანე პირველ ცოლთან, დომიცია ლონგინასთან ერთად, რომელზეც იგი მხოლოდ მოგვიანებით დაქორწინდა. დომიციანეს მიჰყვება რელიგიურ რეგალიებში გამოწყობილი ტიტუსი. ტიტუსისა და დომიციას ურთიერთმიპყრობილი მზერა მიანიშნებს იმ ურთიერთობაზე, რომელზეც ისტორიკოსები დავობდნენ.[70][76]
  • ფრანკების ურნის უკანა პანელი. ნორთუმბრია, VIII საუკუნის დასაწყისი. ვეშაპის ძვალზე შესრულებული ორნამენტები ანგლო-საქსური რუნული წარწერებით, 22.9 x 19 სმ. ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი. ტიტუსი რომის არმიას იერუსალიმისაკენ მიუძღვის და იღებს ტაძარს. მაცხოვრებლები გადასახლებაში განიდევნებიან. დამნაშავეებზე სამართალი აღსრულდა, ტყვეები წაყვანილ იქნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. კლასიკური ლათინური და რეკონსტრუირებული კლასიკური ლათინური პუნქტუაციით მართლწერა:
    TITVS FLAVIVS CAESAR VESPASIANVS AVGVSTVS
    ˈtɪ.tʊs ˈflaː.wi.ʊs ˈkae̯.sar wɛs.pa.siˈaː.nʊs au̯ˈgʊs.tʊs
  2. სვეტონიუსი ამტკიცებს, რომ ტიტუსი კალიგულას მკვლელობის წელს დაიბადა (ე. ი. 41 წ.). მიუხედავად ამისა, ეს ეწინააღმდეგება მისივე განცხადებას, რომ ტიტუსი გარდაცვალებისას 42-ე წელში იყო, ისევე, როგორც დიონ კასიუსის შენიშვნას, რომ ტახტზე ასვლისას იგი 39 წლის იყო. იხ. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 1, 11; დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.18; and Brian Jones (2002). Suetonius: The Flavian Emperors: A Historical Commentary. London: Bristol Classical Press, გვ. 91. ISBN 1-85399-613-0. 
  3. პრეტორიანელთა პრეფექტის თანამდებობა ტიტუსმა 71 წელს დაიკავა და 79 წლამდე, გაიმპერატორებამდე ფლობდა.
  4. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა პომპეის მოსახლეობის რაოდენობის შეფასებები მერყეობს 10 000-სა ([1] დაარქივებული 2008-07-08 საიტზე Wayback Machine. ) და 25 000-ს ([2]) შორის. ქალაქის ნანგრევების შიგნით და ირგვლივ აღმოჩენილია სულ მცირე ათასი გვამი.
  5. ტიტუსმა განაცხადა, რომ ყველა ზარალს, რაც ხანძრისას ქალაქსა და ხალხს მიადგა, საკუთარ თავზე იღებდა და ასეც მოიქცა: მან დაზარალებულებს არა მხოლოდ თანხები გადასცა, არამედ მათი ქონებაც, ვინც ვეზუვის ამოფრქვევისას დაიღუპა და მემკვიდრე არ დარჩა. ამასთან, უარი უთხრა ყველას, ვინც მას დაზარალებულთა დასახმარებლად დიდძალ ფულს სთავაზობდა და მხოლოდ საკუთარი სახსრები გამოიყენა ამისათვის (დიონ კასიუსი, 66.24).
  6. მონეტები, რომლებზეც გამოსახულია წარწერა Divus Vespasianus (ღვთაებრივი ვესპასიანუსი) ტიტუსის მიერ მხოლოდ 80 თუ 81 წელს მოიჭრა.
  1. Jones (1992), გვ. 3
  2. Jones (1992), გვ. 1
  3. 3.0 3.1 Jones (1992), გვ. 2
  4. Jones, (1992), გვ. 8
  5. 5.0 5.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 2
  6. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 3
  7. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 4, with Jones and Milns, გვ. 95–96
  8. ტაციტუსი, ანალები XVI.30–33
  9. Gavin Townend, "Some Flavian Connections", The Journal of Roman Studies (1961), გვ. 57. იხ. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 4
  10. Jones (1992), გვ. 11
  11. ფილოსტრატუსი, აპოლონიოს ტიანელის ცხოვრება VII.7 დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
  12. 12.0 12.1 12.2 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 4
  13. Jones and Milns, გვ. 96, 167.
  14. სანიკიძე, (1984), გვ. 58
  15. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები II.19.9
  16. 16.0 16.1 იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები III.1.2
  17. 17.0 17.1 იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები III.4.2
  18. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები III.8.8
  19. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები III.10
  20. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები IV.9.2
  21. ტაციტუსი, ისტორია II.1
  22. 22.0 22.1 ტაციტუსი, ისტორია II.2
  23. ტაციტუსი, ისტორია II.41–49
  24. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები IV.10.4
  25. ტაციტუსი, ისტორია II.5
  26. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები IV.11.1
  27. ტაციტუსი, ისტორია II.82
  28. ტაციტუსი, ისტორია IV.3
  29. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები V.1.4
  30. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები V.1.6
  31. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები V.2.2
  32. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები V.6–V.9
  33. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები V.11.1
  34. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VI.2–VI.3
  35. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VI.4.1
  36. სულპიციუს სევერუსი, ქრონიკები II.30.6–7. For ტაციტუსი as the source, იხ. T.D. Barnes (July 1977). „The Fragments of Tacitus' Histories. Classical Philology. 72 (3): 224–231, გვ. 226–228. doi:10.1086/366355. ISSN 0009-837X.
  37. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VI.6.1
  38. 38.0 38.1 იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VI.9.3
  39. ფილოსტრატუსი, აპოლონიოს ტიანელის ცხოვრება 6.29 დაარქივებული 2013-01-29 საიტზე Wayback Machine.
  40. თარგი:PACEJ
  41. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VII.3.1, VII.5.2
  42. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 5
  43. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXV.6
  44. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VII.5.5
  45. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები VII.5.6
  46. საიმონ სებაგ მონტეფიორე, იერუსალიმი, ბიოგრაფია, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012. — გვ. 183, ISBN 978-9941-15-753-0.
  47. საიმონ სებაგ მონტეფიორე, იერუსალიმი, ბიოგრაფია, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012. — გვ. 184, ISBN 978-9941-15-753-0.
  48. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXV.1
  49. 49.0 49.1 49.2 49.3 49.4 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 6
  50. 50.0 50.1 50.2 სანიკიძე, (1984), გვ. 73
  51. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXV.16
  52. ტაციტუსი, ისტორია II.81
  53. Canduci, Alexander (2010). Triumph and Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors. Sydney, Australia: Pier 9, 1998, გვ. 31–33. ISBN 978-1-74196-598-8. 
  54. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXV.15
  55. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.17
  56. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.18
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 7
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 58.5 58.6 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 8
  59. 59.0 59.1 ტაციტუსი, ანალები I.72
  60. 60.0 60.1 60.2 60.3 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.19
  61. 61.0 61.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 9
  62. 62.0 62.1 სანიკიძე, (1984), გვ. 74
  63. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.22
  64. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.23
  65. 65.0 65.1 65.2 65.3 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.24
  66. ტაციტუსი, აგრიკოლა 22
  67. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.20
  68. 68.0 68.1 ტაციტუსი, ისტორია I.2
  69. Sanford, Eva Matthews (1937). „Nero and the East“. Harvard Studies in Classical Philology. Harvard University: Harvard Studies in Classical Philology, Vol. 48. 48: 75–103. doi:10.2307/310691. JSTOR 310691.
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 70.4 70.5 70.6 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.26
  71. Roth, Leland M. (1993). Understanding Architecture: Its Elements, History and Meaning, First, Boulder, CO: Westview Press. ISBN 0-06-430158-3. 
  72. Claridge, Amanda (1998). Rome: An Oxford Archaeological Guide, First, Oxford, UK: Oxford University Press, 1998, გვ. 276–282. ISBN 0-19-288003-9. 
  73. 73.0 73.1 73.2 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.25
  74. Jones, Brian W. The Emperor Titus. New York: St. Martin's P, 1984. 143.
  75. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 5
  76. 76.0 76.1 76.2 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 10
  77. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 11
  78. 78.0 78.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 2
  79. ფილოსტრატუსი, აპოლონიოს ტიანელის ცხოვრება 6.32 დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
  80. Rosner, Fred. Medicine in the Bible and Talmud. p.76. Pub. 1995, KTAV Publishing House, ISBN 0-88125-506-8. Extract viewable at ([3])
  81. Wikisource:Page:Legends of Old Testament Characters.djvu/178
  82. იოსებ ფლავიუსი, იოსებ ფლავიუსის ცხოვრება 76
  83. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები II.17
  84. Josephus, Flavius, The Jewish War, tr. G.A. Williamson, introduction by E. Mary Smallwood. New York, Penguin, 1981, p. 24
  85. ტაციტუსი, ისტორია I.1
  86. 86.0 86.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 1
  87. The Destruction of Pompeii, 79 AD, Translation of Pliny's letters. Original.
  88. პლინიუს უფროსი, ბუნების ისტორია Preface
  89. ბაბილონური თალმუდი (Gittin 56b)
  90. Ehrman and Pleše (2011), გვ. 523.
  91. Prettejohn, Elizabeth (March 2002). „Lawrence Alma-Tadema and the Modern City of Ancient Rome“. The Art Bulletin. The Art Bulletin, Vol. 84, No. 1. 84 (1): 115–129. doi:10.2307/3177255. JSTOR 3177255.
ტიტუსი
დაიბადა: 30 დეკემბერი, 39 გარდაიცვალა: 13 სექტემბერი, 81
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ფაბიუს ვალენსი და არიუს ანტონინუსი
რომის იმპერიის კონსული
ვესპასიანესთან ერთად
70
შემდეგი:
ვესპასიანე და მარკუს კოკიუს ნერვა
წინამორბედი:
ვესპასიანე და მარკუს კოკიუს ნერვა
რომის იმპერიის კონსული
ვესპასიანესთან ერთად
72
შემდეგი:
დომიციანე და ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსი
წინამორბედი:
დომიციანე და ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსი
რომის იმპერიის კონსული
ვესპასიანესთან ერთად
74-77
შემდეგი:
დეციმუს იუნიუს ნოვიუს პრისკუს რუფუსი და ლუციუს კიონიუს კომოდუსი
წინამორბედი:
დეციმუს იუნიუს ნოვიუს პრისკუს რუფუსი და ლუციუს კიონიუს კომოდუსი
რომის იმპერიის კონსული
79-80
შემდეგი:
ლუციუს ფლავიუს სილვა და მარკუს ასინიუს პოლიონ ვერუკოსუსი
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
ვესპასიანე
რომის იმპერატორი
79-81
შემდეგი:
დომიციანე
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy