პიონერ 11
პიონერ 11 | |
---|---|
ოპერატორი | ნასა |
NSSDC ID | 1973-019A |
SCN | 6421 |
მისიის ხანგრძლივობა | 22 წელი, 5 თვე, |
განვლილი მანძილი | 15 მილიარდი კმ |
ორბიტები |
იუპიტერი, 1974 წლის 3 დეკემბერი (43 ათასი კმ) სატურნი, 1979 წლის 1 სექტემბერი (21 ათასი კმ) |
მდებარეობა | ვარსკვლავთშორისი სივრცე |
სტატუსი | არააქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | Jet Propulsion Laboratory |
დატვირთულის მასა | 260 კგ |
სიმძლავრე | 155 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 5 აპრილი, 1973 |
სასტარტო მოედანი | კენედის კოსმოსური ცენტრი, აშშ |
რაკეტა-მატარებელი | Atlas SLV-3C Centaur-D |
მისიის დასრულება | |
ბოლო კონტაქტი | 30 სექტემბერი, 1995 |
პიონერ 11 (ინგლ. Pioneer 11) — ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომლის მთავარ ამოცანასაც იუპიტერისა და სატურნის შესწავლა წარმოადგენდა. იგი პირველი კოსმოსური აპარატია, რომელმაც სატურნს ჩაუფრინა და მისთვის ფოტოების გადაღება შეძლო. გარდა ამისა, პიონერ 11 გახდა მეორე ზონდი, რომელმაც საკმარისი სიჩქარის განვითარება და მზის მიზიდულობის დაძლევა მოახერხა.[1]
2019 წლის მონაცემებით, აპარატი დედამიწიდან 15 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა და მისი სიჩქარე 41 ათასს კმ/სთ-ს შეადგენდა.
პიონერ 11-ს ვოიაჯერის ორივე ზონდმა გაასწრო.[2]
აპარატთან ბოლო კომუნიკაცია 1995 წლის 30 სექტემბერს შედგა, ხოლო ინფორმაცია უკანასკნელად იმავე წლის 24 ნოემბერს გამოიგზავნა. [3]
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპარატს ენერგიას რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი აწვდიდა. გაშვების მომენტში გენერატორის მაქსიმალური სიმძლავრე 155 ვატს შეადგენდა. [4]
სამუშაო მდგომარეობაში პიონერ 11 სამი მეტრის სიმაღლეს აღწევდა, ხოლი მისი მთავარი ანტენის დიამეტრი 2,75 მეტრს შეადგენდა.
გარდა ცარიელი მასისა, აპარატზე დაახლოებით 30 კილოგრამი სამეცნიერო აღჭურვილობა იყო განთავსებული. საერთო ჯამში, გაშვების მომენტში პიონერ 11-ის მასა დაახლოებით 260 კილოგრამს შეადგენდა. განსხვავებით პიონერ-10-სა, პიონერ 11-ზე ინდუქციური მაგნიტომეტრია დამონტაჟებული. [5]:266–8
„პიონერ 11“ 1973 წლის აპრილში გაეშვა.
აპარატის აღჭურვილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიონერ 11-ის სამეცნიერო აღჭურვილობის შემადგენლობაში შემდეგი მოწყობილობებია:[6]
- ინფრაწითელი რადიომეტრი.
- დოზიმეტრი.
- მაგნიტომეტრი.
- ულტრაიისფერი ფოტომეტრი.
- ასტეროიდებისა და მეტეორების ოპტიკური დეტექტორი.
- დამუხტული ნაწილაკების დეტექტორი.
- იუპიტერის რადიაციული ველების დეტექტორი.
- ფირფიტა, რომელზეც სავარაუდო ცივილიზაციებისთვის ქალისა და მამაკაცის ფიგურები, მზის სისტემის მდებარეობა და აპარატის მიმართულებაა გამოსახული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1974 წლის დეკემბერში პიონერ 11 იუპიტერს მიუახლოვდა და პლანეტის, მასზე არსებული დიდი წითელი ლაქისა და პოლუსების ფოტოები გადმოაგზავნა. მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას აპარატი 1974 წლის დეკემბერში მაქსიმალურად, დაახლოებით 43 ათასს კილომეტრამდე მიუახლოვდა. იუპიტერის სისტემის შესწავლისას განისაზღვრა მისი თანამგზავრის – კალისტოს მასა. ამის შემდეგ აპარატმა გრავიტაციული მანევრი განახორციელა და სატურნისაკენ გაემართა.
- 1975 წლის აპრილში, ენერგიის დაზოგვის მიზნით აპარატზე მეტეორების სენსორი გამოირთო.
- 1979 წლის სექტემბერში პიონერ 11 სატურნს მაქსიმალურად, დაახლოებით 21 ათასს კილომეტრამდე მიუახლოვდა და მისი სისტემის შესწავლა დაიწყო, მათ შორის იყო სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი - ტიტანი.
- სანამ პიონერ 11 სატურნის სისტემას სწავლობდა, ვოიაჯერის პროგრამის ორივე აპარატმა იუპიტერს ჩაუფრინა და სატურნისაკენ მოემართებოდნენ. გადაწყდა, რომ პიონერ 11-ის შემდგომი ოპერირება ვოიაჯერების ფრენის ტრაექტორიის მიხედვით განისაზღვრებოდა, ნებისმიერი მცირე შეფერხებაც კი ვოიაჯერ 2-ის ურანისა და ნეპტუნისაკენ გაფრენას შეუძლებელს გახდიდა.
- ვიდრე პიონერ 11 ვოიაჯერებს გზას დაუთმობდა, მან სატურნისა და მისი რამდენიმე თანამგზავრის ფოტო გადაიღო.
- 1990 წლის თებერვალში აპარატმა პლანეტების ორბიტები გადალახა და გახდა მე-4 ზონდი, რომელმაც ეს შეძლო. [7]
მისიის დასასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს ნასასთვის ცნობილი გახდა, რომ აპარატზე არც ერთი სამეცნიერო მოწყობილობა აღარ მუშაობდა, შესაბამისად აპარატის გათიშვა გადაწყდა. პიონერ 11-თან უკანასკნელი პირდაპირი კომუნიკაცია 1995 წლის 30 სექტემბერს დამყარდა, მიუხედავად აპარატის გათიშვისა, მეცნიერები კვლავ აგზავნიდნენ მასთან სიგნალს 2 კვირაში ერთხელ 2 საათით. საბოლოოდ, 1995 წლის 24 ნოემბერს პიონერ 11-მა უკანასკნელად გამოაგზავნა შეგროვებული ინფორმაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპარატი კიდევ რამდენიმე წელი აგზავნიდა სუსტ სიგნალს, თუმცა დედამიწისა და აპარატს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, სიგნალის მიღება ვერ ხერხდებოდა.[8]
აპარატის სავარაუდო მომავალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის მონაცემების თანახმად, პიონერ 11 დედამიწიდან დაახლოებით 15 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.
მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 926 ათასი წლის შემდეგ აპარატი ვარსკვლავთა გროვას - Messier 26-ს ჩაუფრენს, ხოლო 4 მილიონი წლის შემდეგ არწივის თანავარსკვლავედის მახლობლად ჩაიფრენს.[9]
პიონერის ანომალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორივე პიონერზე დაკვირვებისას, აღმოაჩნდა, რომ გარდა სხვადასხვა ციური სხეულის მიზიდულობისა, აპარატები ფრენის ტრაექტორიას უცნობი ძალის გავლენის შედეგადაც იცვლიან. მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში იკვლვედნენ ამ ფენომენს, თუმცა უკანასკნელ წლებში გამყარდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აპარატების ფრენის ტრაექტორიის ცვლილება თავად აპარატებიდანვე გამოსული სითბური გამოსხივების შედეგია.[10]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-15. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
- ↑ Where are the Voyagers
- ↑ Pioneer 11: In Depth. ციტირების თარიღი: December 10, 2017
- ↑ NASA - The Pioneer Missions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-15. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
- ↑ William E. Burrows, Exploring Space, (New York: Random House, 1990)
- ↑ Pioneer 10 & 11. ციტირების თარიღი: December 20, 2018
- ↑ „Pioneer 11 Is Reported to Leave Solar System“. February 25, 1990. ციტირების თარიღი: December 3, 2017.
- ↑ Pioneer 11 to End Operations after Epic Career. NASA / Ames Research Center (September 29, 1995). ციტირების თარიღი: August 7, 2011
- ↑ Bailer-Jones, Coryn A. L.; Farnocchia, Davide (April 3, 2019). „Future stellar flybys of the Voyager and Pioneer spacecraft“. Research Notes of the AAS. RNAAS 3, 59. 3 (4): 59. arXiv:1912.03503. doi:10.3847/2515-5172/ab158e.
- ↑ Britt, Robert Roy. (October 18, 2004) The Problem with Gravity: New Mission Would Probe Strange Puzzle. Space.com. ციტატა: „The discrepancy caused by the anomaly amounts to about 248,500 миль (399,900 kilometres), or roughly the distance between Earth and the Moon. That's how much farther the probes should have traveled in their 34 years, if our understanding of gravity is correct.“ ციტირების თარიღი: June 7, 2011
|